






USD | 2.9036 |
EUR | 3.0738 |
GBP | 3.624 |
TRY | 0.1821 |

თბილისი (GBC) - პანდემიის პერიოდში არასაფინანსო კომპანიებში ვალის ტვირთი მნიშვნელოვნად
გაიზარდა, რაც ეროვნული
ბანკის მოსაზრებით, მათი ფინანსური მდგრადობისთვის საფრთხის შემცველია. აღნიშნულ პერიოდში კომპანიების ვალის ზრდა
ნომინალური მშპის ზრდას მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რამაც ვალის ტვირთის ზრდა გამოიწვია.
შესაბამისად, კომპანიების მთლიანი ვალის ნომინალურ მშპ-თან ფარდობა, რომელიც ვალის
ტვირთის ერთ-ერთი გავრცელებული საზომია, გრძელვადიან ტრენდს დაშორდა.
„ვალის
გაზრდილი ტვირთი საფრთხეს უქმნის კომპანიების ფინანსურ მდგრადობას. კერძოდ, თუკი კომპანიების
შემოსავლები დროულად ვერ აღდგება, ისინი ვალის მომსახურების სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან,
რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გადახდისუუნარობით დასრულდეს“, - მიუთითებს ეროვნული ბანკი.
კომპანიების დაფინანსების სტრუქტურაში კვლავ მაღალია უცხოურ ვალუტაში
მოზიდული ვალის წილი. 2021 წლის პირველ ნახევარში კომპანიების მთლიანი ვალის დოლარიზაციამ
დაახლოებით 75 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, აღნიშნული რისკის არასათანადო ჰეჯირების
პირობებში, გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ კომპანიების ვალის ტვირთი მაღალი მგრძნობელობით
ხასიათდება. პანდემიის პერიოდში, რომელსაც მყარი ვალუტების მიმართ ლარის გაუფასურება
ახლდა თან, კომპანიებს მნიშვნელოვნად გაეზარდათ უცხოურ ვალუტაში მოზიდული ვალის მომსახურების
ხარჯი. შედეგად, კომპანიების გარკვეული ნაწილი ვალის მომსახურების სირთულეების წინაშე
აღმოჩნდა და ვალის რესტრუქტურიზაცია მოახდინა.
„ზომიერი სტრესის სცენარში
მაკროფინანსური ფაქტორების გაუარესებისა და კომპანიების ვალის მახასიათებლებთან დაკავშირებული
მოწყვლადობების რეალიზაციის შედეგად ვალის მომსახურების სირთულეების წინაშე მდგომი
კომპანიების წილი 15 პროცენტული პუნქტით გაიზრდება და 50 პროცენტს მიაღწევს. აღნიშნული
სიდიდის საკრედიტო რისკის რეალიზაციას მნიშვნელოვანი სტრესის გამოწვევა შეუძლია, რასაც
მძიმე შედეგები შეიძლება ახლდეს როგორც ფინანსური სისტემისთვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისთვის“,
- განმარტავს ეროვნული ბანკი.