






USD | 2.7089 |
EUR | 2.788 |
GBP | 3.2829 |
TRY | 0.1508 |

თბილისი (GBC) - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-დეკემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1 148 705 ტონა, რაც 42,7 ათასი ტონით ანუ 3,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 105 995 ტონა) შედარებით და 52,7 ათასი ტონით ანუ 4,8%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 096 018 ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 244 601 ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 221 181 ტონა - 19,3%; აზერბაიჯანი - 215 872 ტონა - 18,8%; რუმინეთი - 204 638 ტონა - 17,8%; ბულგარეთი - 167 708 ტონა - 14,6%; საბერძნეთი - 37 223 ტონა - 3,2%, თურქეთი - 33 021 ტონა (2,9%), იტალია - 14 948 ტონა (1,3), ყაზახეთი - 2 824 ტონა (0,2%) და სხვ.
2021 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებიდან (რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია) იმპორტირებულ იქნა 424,517 ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი, რაც მთელი იმპორტის 36,9%-ს შეადგენს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პირველად დაფიქსირდა თურქმენეთი, როგორც ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი. მათ შორის, ის ბენზინის საწვავის (მხოლოდ A-91 ტიპის) ყველაზე დიდი მომწოდებელია. ხოლო დიზელის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაა.