ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9336        EUR 3.104        GBP 3.5954        RUB 5.4929        UAH 0.9932        AZN 1.7302        AMD 7.198      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მპკ უცვლელად, 11-ზე შენარჩუნდა
22 ივნისი, 2022, 13:56
მპკ უცვლელად, 11-ზე შენარჩუნდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 22 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ, ასევე ომის გამო უკრაინიდან ექსპორტის მკვეთრმა შეზღუდვამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სურსათის ფასები მსოფლიო მასშტაბით ბოლო თვეებში ისტორიულ მაქსიმუმზეა. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ეკონომიკებში ინფლაცია მკვეთრადაა გაზრდილი. ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, რადგან ჩვენ მცირე, ღია ეკონომიკა ვართ და მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა სწრაფად აისახება ჩვენ სამომხმარებლო ფასების ინდექსზე. ამასთან ერთად, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაზრდილმა ხანგრძლივვადიანმა ვიზიტებმა ადგილობრივ ბაზარზე ბინის ქირა მკვეთრად და მყისიერად გაზარდა, რასაც  მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც ჯამურ (0.6 პროცენტული პუნქტი), ასევე საბაზო ინფლაციაზე (1.1 პროცენტული პუნქტი).

ინფლაციის მოსალოდნელი ტრაექტორია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. ამასთან დაკავშირებით კი, კვლავ მაღალი გაურკვევლობაა. დღევანდელი ინფორმაციის საფუძველზე არსებობს იმის ფრთხილი მოლოდინი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მეტად აღარ გაიზრდება და შესაბამისი ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდება. ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და საგარეო შემოდინებების (ფულადი გზავნილები, ტურისტული შემოსავლები, საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები) ზრდის ფონზე გაცვლითი კურსი გამყარებულია, რის შედეგადაც იმპორტირებულ ინფლაციას ბოლო თვეებში შემცირების ტენდენცია აქვს. მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, საგარეო ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, მას შემცირების მიმართულება ექნება.

ინფლაციური რისკების მატების ფონზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად გაიზარდა და მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. თუ ინფლაციური მოლოდინები მეტად გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო. 

მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ, უცხოური ვალუტის სესხების გააქტიურების შედეგია. ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები სესხების ზრდის ტემპზე  ეტაპობრივად უნდა აისახოს. ამასთან, უცხოური ვალუტით სესხების კუთხით, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და სხვა წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას საქართველოში სასესხო პირობების გამკაცრების დამატებითი ეფექტი ექნება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სესხების ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებს, მათ შორის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნებს ან/და სხვა მაკროპრუდენციულ ზომებს, გამოიყენებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 3 აგვისტოს ჩატარდება. თუმცა, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები