თბილისი (GBC) – საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ დაიწყო მზადება ელექტროენერგიის დღიური ბაზრის გაშვებისათვის. ამ მიზნით, ბირჟის პლატფორმაზე 2023 წლის 13 თებერვლიდან დაიწყება სატესტო ვაჭრობა.

ენერგეტიკული ბირჟა კომპანიებს შესაბამის ტრენინგზე იწვევს, სადაც მათ გააცნობს დღიურ ბაზარზე ვაჭრობის მარეგულირებელ ძირითად ნორმებს; დღიურ ბაზარზე ფასწარმოქმნისა და  ფასის შეთავაზების პრინციპებს; დღიური ბაზრის პლატფორმას და მომხმარებლის გზამკვლევს; სიმულაციური ვაჭრობისათვის მომზადების ეტაპებს (განცხადების წარმოდგენა, რეგისტრაცია).

ენერგეტიკულმა ბირჟამ მოქმედება 31 მარტიდან უნდა დაიწყოს. რეფორმა გასულ წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა რამდენჯერმე გადავადდა. 

სენბი - ენერგეტიკული ბირჟა - წარმოადგენს დღით ადრე და დღიური ბაზრების ლიცენზირებულ ერთადერთ ოპერატორს საქართველოში. 

ბირჟაზე საბაზრო ფასს განსაზღვრავს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და მისი მიწოდება. თავის მხრივ, მოთხოვნასა და მიწოდებას განსაზღვრავენ მონაწილეები, რომლებიც ბაზარზე ათავსებენ ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განაცხადებს.