თბილისი (GBC) - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 5.5 მილიონ ლარიან ტენდერს შპს „ცეკური“ იგებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 20 იანვარს დასრულდა და ამჟამად ხელშეკრულება დადებულია.

ტენდერი გულისხმობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ სოფელ ოფურჩხეთში რიდვას უბანში, სოფელ ბანოჯაში, მე-15 და მე-18 ქუჩებზე, სოფელ ხომულისა და ქვილიშორის დამაკავშირებელი გზის, სოფელ გეგუთში ბოდოკიების, ღალღას და ზივზივაძეების უბნებში, სოფელ გვიშტიბში მე-8 ჩიხში, სოფელ ცხუნკურში გაღმა ჩუნეში მეშვიდე ქუჩის, სოფელ ტყაჩირში ჯანელიძეების, სინაურიძეების უბნებში და სკოლასთან მისასვლელი გზების, სოფელ ყუმისთავში მესამე და მეთექვსმეტე ქუჩების, სოფელ წყალტუბოში გურეშების უბანში, სოფელ ჟონეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის, სოფელ ცხუნკურში მესამე და მეთექვსმეტე ქუჩებზე გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაციის, ასევე, ქალაქ წყალტუბოში ავალიანისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე არსებული სანიაღვრე სისტემებისა და ასფალტის საფარის რეაბილიტაციას.

სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღე. სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადაა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3  წელი.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, კანდიდატს 2019 წლიდან დღემდე უნდა ჰქონოდა 33.1 მილიონი ლარის ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება. აქედან 25 მლნ ბეტონის საფარის და 8.1 მლნ ლარის ასფალტ-ბეტონის საფარის.

პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს შესაბამის სფეროში (საავტომობილო გზები ან/და ხიდები და გვირაბები) საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 2 სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით.

შპს „ცეკურმა“ 2019 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტენდერი მოიგო. 33,6 მლნ ღირებულების ტენდერი მოიცავდა ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზის რეაბილიტაციას. ამავე მაგისტრალის სხვა მონაკვეთის დასაგებად 4,4 მლნ-ლარიანი ხელშეკრულება კომპანიამ უკვე 2020 წელს გამოცხადებული ტენდერის მოგების შემდეგ დადო.

შპს „ცეკური“ დაფუძნებულია 1996 წელს. ტენდერების მონიტორის მონაცემების მიხედვით, კომპანიას 52 ტენდერი აქვს მოგებული - 134 მილიონი ლარის საერთო სავარაუდო ღირებულებით.

მფლობელთა სტრუქტურა კი შემდეგია:

სერგო ხაბულიანი - 62.5%;

ბექა ხაბულიანი - 37.5%;

სერგო ხაბულიანი იყო  მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. 

Tramsparancy.ge-ს ინფორმაციით, სერგო ხაბულიანს 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მისთვის 50,000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2020 და 2021 წლებში ქართული ოცნებისთვის 120,000 ლარი

მეორე მეწილეს ბექა ხაბულიანს კი  მმართველი პარტიისთვის 2018 წლიდან დღემდე 180,000 ლარი აქვს შეწირული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ-გვერდიდან ირკვევა,რომ შპს „ცეკურს“, როგორც იურიდიულ პირს, 2017 წელს მმართველი პარტიისთვის  40,000 ლარი აქვს შეწირული.