თბილისი (GBC) – ოკუპირებულ აფხაზეთში მთავარი ენერგოგამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ბაღაფში თანამდებობიდან გადადგა და გენერალური დირექტორის მოვალეობას ხუთშაბათიდან მანამდე მისი მოადგილე ელექტროგამანაწილებელი ხაზების მიმართულებით რამინ ზინგიშვილი შეასრულებს.

„აფსნიპრესის“ ცნობით, ჩერნომორენერგოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბაღაფში თანამდებობას, რომელსაც 2022 წლის 17 ოქტომბრიდან იკავებდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

ტელეგრამ არხი RESPUBLICA თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაღაფში ენერგოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით ე.წ. მთავრობასთან კონფლიქტში შევიდა, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა საოკუპაციო ხელისუფლების განზრახვას აფხაზეთის ენერგოსისტემის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. იგი განკერძოების წინააღმდეგია.

დღეს სოხუმში საზოგადოება საპროტესტოდ გამოდის. მოსახლეობა ენერგოკრიზისის გამო ელექტრომომარაგების მარაოსებრი გამორთვის წინააღმდეგია. 1–ლი თებერვლიდან აფხაზეთში მომხმარებელს დღეში 3–ჯერ გაუთიშავენ დენს, ზოგს 5 საათით, ზოგს კი 7 საათით.