თბილისი (GBC) - ქალაქ თბილისის მერიის 8.4 მილიონ ლარიან ტენდერში შპს „AWORD“-მა გაიმარჯვა. ტენდერში ასევე მონაწილეობდა შპს „გრინსერვის +“, თუმცა Aword-მა დაბალი თანხის შეთავაზებით უპირატესობა მოიპოვა. ტენდერში წინადადებების მიღება 3 იანვარს დასრულდა და ამჟამად ხელშეკრულება დადებულია.

„გრინსერვის +“-ის საბოლოო შეთავაზება 7.3 მლნ ლარი იყო, თუმცა „AWORD“ 6.8 მლნ ლარის შეთავაზებით უპირატესობა მოიპოვა.

ტენდერი გულისხმობს თბილისის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოებს.

ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, პრეტენდენტ კომპანიას 2019 წლიდან შესრულებული უნდა ჰქონოდა ტენდერის ღირებულების 150%-ის სამშენებლო სამუშაოები. ასევე  პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ჰორიზონტალურად მიმართული ბურღვითი სამუშაოების დანადგარი ან წარმოადგინოს ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება.

კომპანია „AWORD“ დარეგისტრირებულია 2011 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიას 35 ტენდერი აქვს მოგებული, საერთო სავარაუდო ღირებულებით 43.6 მლნ ლარი.

კომპანიის 100 % წილი თორნიკე ჭკადუას ეკუთვნის.