თბილისი (GBC) - "საქართველოს კაპიტალის" განახლებადი ენერგიის ბიზნესი (საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები,GRPO) 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ მწვანე უზრუნველყოფილ ობლიგაციებს უშვებს.

‘საქართველოს კაპიტალის’ განახლებადი ენერგიის ოპერაციები 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ მწვანე უზრუნველყოფილ ობლიგაციებს უშვებს.ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებლის სავარაუდო დიაპაზონია 6.25%-7.50%, ვადიანობა კი 5 წელი. ჯგუფი უფრო დაბალი განაკვეთით ანთავსებს (GGU –ს კუპონური განაკვეთი 7.75% იყო). 

კომპანიის ცნობით, ემისია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, როგორც პირველი მწვანე უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და ყველაზე დიდი კორპორატიული ტრანზაქცია. ემისიის მიმართ  ინტერესი გამოთქმული აქვს არსებულ და ახალ ძლიერ კრედიტორებს, უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორისაა ADB, FMO და IFC.

‘საქართველოს კაპიტალის’ ენერგეტიკის ბიზნესი ფლობს აქტივებს განახლებადი ენერგიის სექტორში 71 მგვტ. ჯამური დადგმული სიმძლავრით. ობლიგაციების ემისიიდან მიღებულ სახსრებს კომპანია გამოიყენებს არსებული ვალდებულებების დასაფარად და  გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად. კომპანიის არსებული ვალდებულება წარმოადგენს დედა კომპანიის (GCAP) სესხს, რომელიც კომპანიამ გამოიყენა 2020 წელს GGU-ს (Georgia Global Utilities) მიერ გამოშვებული $250 მლნ-იანი ევრობონდის ნაწილის, დაახლოებით $95 მილიონის დასაფარად, რომელიც ალოცირებული იყო განახლებადი ენერგიის ბიზნესზე (ზაფხულში ჩახურა).

როგორც იცით,  მანამდე, ჰოლდინგში შემავალ წყლის და წყალანირების  ბიზნესში Georgia Capital-მა მოიზიდა სტრატეგიული ინვესტორი -Aqualia. ნახევარ მილიარდ ლარად ( $180 მლნ ) 80%-იანი წილის Aqualia-სთვის  მიყიდვაზე და შესაბამისად ბიზნესების გამიჯვნაზე GCAP-მა  დეკემბერში განაცხადა. დაიტოვა ენერგეტიკული აქტივი, მთლიანად და კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესის 20%.

კომპანია ჩართულია კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება EBRD-ის კაპიტალისა და ფინანსური ბაზრის განვითარების გუნდების მიერ. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საგანმანათლებლო აქტივობებისა და ადგილობრივი ემიტენტების თანადაფინანსების სქემის მეშვეობით, რომელიც მოიცავს 100 000-200 000  ლარამდე საგრანტო დაფინანსებას. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ESG-ისთან დაკავშირებული ფასიანი ქაღალდების პოპულარიზაცია ადგილობრივ ბაზარზე პირველადი ემიტენტების მიერ.

პროგრამაში მონაწილეობის განაცხადი 21 კომპანიას აქვს წარდგენილი, გამარჯვებულებმა შედეგები უკვე იციან და ფართო საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.