თბილისი (GBC) – რუსეთი მზადაა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღსადგენად, თუმცა ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო. ამის შესახებ რუსულ გამოცემას RBC ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა უთხრა. 

„რა თქმა უნდა, ამ საკითხს განვიხილავთ, მაგრამ არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ ტანგო წყვილის ცეკვაა და თუ დუეტის ერთი მონაწილე წინააღმდეგია, არ უნდა დააძალო. ამის შესაძლებლობა არსებობს და როგორი იქნება გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – თქვა კარასინმა.

კარასინი 2012 წლიდან მონაწილეობს საქართველოსთან არაფორმალურ დიალოგში. ამ პროცესში ქართული მხრიდან ზურაბ აბაშიძეა ჩართული.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში, თბილისში ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ აკრძალა.