თბილისი (GBC) – საქართველოში 2023 წლის ივნისიდან ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარიდან, ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან, რათა მეტი მათგანი შემოვიყვანოთ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე. ამისთვის აქტიურად ვიყენებთ როგორც ორმხრივ მოლაპარაკებებს, ასევე საერთაშორისო საავიაციო ფორუმებს, როგორიცაა ROUTES WORLD  და სხვა.  იმედი გვაქვს, რომ 2023 წლისთვის მეტ ახალ ავიაკომპანიას შემოვიყვანთ და მნიშვნელოვნად გავზრდით როგორც მიმართულებების, ისე ქვეყნების გეოგრაფიას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს სამოქალაქო ავიაბაზრის აღდგენის პროცესი - 2022 წლის ოქტომბერი პირველი თვე იყო კოვიდპანდემიის შემდეგ, როდესაც ფრენების რაოდენობით საქართველომ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს გადააჭარბა. ავიარეისები შესრულდა 384-395 სიხშირით, რაც 5%-იანი ზრდას წარმოადგენს. სულ, 2022 წლის 10 თვეში საქართველოს აეროპორტები 3,716,700 მგზავრს მოემსახურა, რაც 85 პროცენტით მეტია 2021 წელზე, ხოლო აღდგენის მაჩვენებელმა 2019 წელთან შედარებით 81 პროცენტი შეადგინა.