თბილისი (GBC) – ჩინეთის ხელისუფლების მიერ კოვიდისადმი გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა უკვე სამი წელია, დიდ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. სამწლიანმა კარანტინებმა ყველაზე დიდი მოთმინების მქონე ჩინელი ხალხიც გააღიზიანა, მაგრამ დღევანდელი პროტესტის მასშტაბები და ხარისხი რაღაც ახალია.

პანდემიით გამოწვეულ საყოველთაო დაღლას კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება დაემთხვა, წერს haqqin.az-ის მიმომხილველი.

პირველ რიგში, დღეს ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღაა აგორებული, რომელიც თითქმის ყველაზე მაღალია პანდემიის დაწყების დღიდან. ყოველდღიურად ჩინეთში ათობით ათასი ადამიანი ინფიცირდება. ბოლო 10 დღის განმავლობაში 0,5 მლნ–ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მოსახლეობის რაოდენობასთან შესაბამისობაში თუ ვიმსჯელებთ, ეს არ არის განსაკუთრებით დიდი მაჩვენებელი, მაგრამ განსახლების სიმჭიდროვის გამო ვირუსის გავრცელებამ შესაძლოა ფეთქებადი ხასიათი მიიღოს. სწორედ ამის გამო ცისქვეშეთის ხელისუფლება გამოსავალს უკიდურესად მკაცრ საკარანტინო ზომებს მიმართოს. დღეს მკაცრს შეზღუდვებში დაახლოებით 400 მლნ ჩინელია მოხვედრილი.

და ეს ხდება მაშინ, როდესაც დანარჩენ სამყაროში დიდი ხნის წინ დაივიწყეს კარანტინები, რასაც ვერ დაუმალავ ჩინელებს. საყურადღებოა, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისას ჩინური ტელეარხები ტრიბუნების კადრებს ბლარავენ, რათა ერთმანეთთან მჭიდროდ მსხდომი ათასობით უნიღბო გულშემატკივრის ხილვამ ჩინელები არ გააღიზიანოს – მათთვის ხომ არა თუ მასობრივ ღონისძიებაზე მოხვედრა, უნიღბოდ არსებობაც წარმოუდგენელია.

სამაგიეროდ, ოფიციალური ქრონიკიდან ვერ გააქრობ კადრებს, სადაც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრებზე ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე ურთიერთობს კოლეგებთან სხვა ქვეყნებიდან, რაც ჩინელების გაღიზიანების დამატებითი ფაქტორია.

მასობრივი პროტესტის აგორების საბაბი კი ურუმჩიში 24 ნოემბერს მომხდარი ტრაგედია გახდა. მრავალსართულიან სახლში გაჩენილმა ხანძარმა 10–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რომ არა ლოკდაუნის გამო დაკეტილი სადარბაზო და სათადარიგო გასასვლელი. აღშფოთებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა არა მხოლოდ ურუმჩის, არამედ პეკინის, შანხაის, ნანკინის, უხანისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ყველაზე მასობრივი პროტესტია 1989 წლის სტუდენტური გამოსვლების შემდეგ.

ჩინეთის ხელისუფლებისთვის ყველაზე შემაშფოთებელი მიტინგებზე გამოტანილი ლოზუნგებია: „ძირს ჩინეთის კომუნისტური პარტია!“, „ძირს სი!“. ძინპინმა სულ ცოტა ხნის წინ, ჩინეთის კომპარტიის XX ყრილობაზე კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები ლიდერის პოსტზე მესამე ვადით დარჩენით, მაგრამ პარტიისა და ხალხის ერთობის ნაცვლად მისთვის ეს „უზნეო ლოზუნგები“ მიიღო.

შეთქმულების თეორიის მიმდევრები ფიქრობენ, რომ საპროტესტო ტალღის უკან თუ არ დგანან პარტიიდან ახლახან გარიყული პოლიტიკოსები, სულ მცირე გულშემატკივრობენ მაინც მათ. იმის გამო, რომ პროტესტზე გამოსულთა უმრავლესობას რეპრესიების ეშინია, მათ ხელში A4 ფორმატის სუფთა თეთრი ფურცლები მოიმარჯვეს, მინიშნებით, რომ თავადაც ხვდებით, რის წინააღმდეგაც გამოვდივართ.

პეკინის კოვიდპოლიტიკის გამო იზღუდება როგორც ადგილობრივი მილიონობით მოქალაქე, ისე ეკონომიკა, რაც თავის წილ გავლენას ახდენს გლობალურ საქმიან პროცესებზე – იაფდება ენერგომატარებლები და საკონტეინერო გადაზიდვებიც – მთავარი მყიდველი ხომ ავად არის.

დაბოლოს, ჩიხიდან გამოსავალი არ ჩანს. შეუძლებელია ყველა კოვიდშეზღუდვის ერთი ხელის მოსმით გაუქმება – ამით სახეს დაკარგავს პეკინის მმართველობა და სამედიცინო თვალსაზრისით მოსალოდნელი შედეგებიც არაპროგნოზირებადია. დაჟინებული ლოკდაუნი კი უკვე უაზრობაცაა და საფრთხეც. სი ძინპინს დიდი თავსატეხი აქვს.