თბილისი (GBC) – კიევის მიერ კონტროლირებად კრამატორსკში, რომელიც დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსების სარაკეტო იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. რუსული რაკეტა ოთხსართულიან სახლს მოხვდა, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში ხალხს ეძებენ.

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უკრაინას და მოლდოვას ეკონომიკის აღდგენისთვის $135 მლნ–ს გადასცემს. კიდევ $18 მლნ–ს კი რუსეთში გაგზავნის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად. ეს ფული უკვე ლიკვიდირებული ამერიკულ–რუსული საინვესტიციო ფონდიდან გამოიყოფა.

რუსეთი უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას 8 თებერვალს ითხოვს.

უკრაინას ყოველთვიურად უცხოელი პარტნიორებისგან $3 მილიარდიანი დაფინანსება სჭირდება. ამ დროისთვის უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ აშშ–სა და ევროკავშირის ქვეყნებისგან $30 მლრდ აქვს მიღებული. კიევს კიდევ $10 მლრდ ესაჭიროება, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღებს.

ესპანეთი უკრაინას 20 ერთეულ ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორს M-113–ს გადასცემს, საფრანგეთი კი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის რადარებით მოამარაგებს უკრაინის ჯარს.

აშშ თალიბანის წარმომადგენლებს სანქციებს უწესებს, ქალთა უფლებების დარღვევის გამო.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანეს, პალესტინელების მხრიდან სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ. თვითმფრინავებმა საწყობი ააფეთქეს, სადაც ჰამასი რაკეტების დასამზადებლად საჭირო ქიმიურ ნივთიერებებს ინახავდა. 

სერბეთმა შესაძლოა გერმანიისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა მიიღოს, რომელიც პრიშტინას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში გაწევრიანებას. თუ სერბეთი ამ დოკუმენტს მიიღებს, დასავლურ სანქციებს აირიდებს თავიდან. დასავლელი შუამავლების ვარაუდით, სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით შეთანხმების მიღწევა უკვე მარტში გახდება შესაძლებელი. რუსეთი ამ გეგმის წინააღმდეგია. მოსკოვში ფიქრობენ, რომ ბელგრადსა და პრიშტინას შორის ურთიერთობის დარეგულირება კოსოვოს ნატოსა და ევროკავშირში გაუხსნის გზას. 

ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები მწვავე კრიზისის ფაზაში შევიდა. ბაქო თეირანს ტერორიზმში ადანაშაულებს. ირანი, სადაც ათობით მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, შეშფოთებულია აზერბაიჯანისა და ისრაელის კავშირებით. ირანი ასევე ზანგეზურის დერეფნის წინააღმდეგ გამოდის. პროექტის რეალიზებით შესაძლოა ირანის სომხეთისგან დისტანცირება მოხდეს. თეირანი რეგიონში თურქეთის გავლენების ზრდითაც შეშფოთებულია.