თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, 2 დეკემბერს განაცხადა, რომ „მეზღვაურის განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემა ერთიან სტანდარტში მოექცა. მისივე თქმით,"მეზღვაურთა სახელმწიფო რეესტრში დღეის მდგომარეობით დაახლოებით 20 000 მეზღვაურია რეგისტრირებული, მათი ღირსეული დასაქმება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია".  

იოსელიანმა აღნიშნა, რომ მთავრობა, ინვესტიციას ახორციელებს მეზღვაურთა განათლების სისტემაში, შედეგად, საქართველოში გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები აღიარებულია მსოფლიოს 75 ქვეყნის მიერ. მისივე თქმით, ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ზრდა და ღირსეული დასაქმება სამთავრობო პოლიტიკის პრიორიტეტია.

„ქართველი მეზღვაურების დასაქმება ჩვენი დღის წესრიგის კიდევ ერთი პრიორიტეტია. საქართველოს 75 სახელმწიფოსთან, მათ შორის, ევროკავშირის 20 ქვეყანასთან აქვს ურთიერთგაგების  მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რათა ქართველი მეზღვაურების ღირსეული დასაქმება მოხდეს. აღსანიშნავია, რომ მეზღვაურების კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში წლიდან წლამდე იზრდება. მინიმალური გათვლებით, საუბარია ყოველწლიურად დაახლოებით $200 მლნ-ის შემოსავალზე", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თანახმად, იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია (გემთწამყვანი და გემთმექანიკოსი) და მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია განუახლოს ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი.

ცვლილება დაახლოებით 800 ქართველ მეზღვაურს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ პოზიცია კაპიტანის და უფროსი მექანიკოსის დონემდე, რაც ასეთ შემთხვევაში საქართველოსთვის ყოველწლიურად %55 მლნ-ის შემოსავალს უტოლდება.