თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა მაისის ბოლოსთვის ₾9.4 მლრდ-ს მიაღწია, ხოლო ფონდის მიერ დაგენერირებულმა ჯამურმა საინვესტიციო ამონაგებმა ₾2.7 მლრდ-ს გადააჭარბა. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ამჟამად 1,74 მლნ ადამიანს აჭარბებს.

ამასთან, 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 32,302 პირმა, რომლებზეც პენსიის სახით ჯამში ₾160.6 მლნ გაიცა.

მაისში საპენსიო ფონდის პორტფელების დადებითი შედეგი, ძირითადად, საერთაშორისო აქციების მაღალმა შემოსავლიანობამ განაპირობა. აქციების ზრდის მთავარი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორთა განახლებული ოპტიმიზმი გახდა, რაც გლობალურად ნახევარგამტარების, მეხსიერების ჩიპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასებზე დადებითად აისახა.

გასულ თვეში ყველაზე მაღალი, 2.49%-იანი მოგებიანობა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, რაც მასში საერთაშორისო აქციების უფრო მაღალი წილით აიხსნება. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მოგებიანობამ კი, შესაბამისად, 1.99% და 1.29% შეადგინა.

წლის დასაწყისიდან დღემდე (YTD) სამივე პორტფელის მოგებიანობა დადებით ნიშნულზე ნარჩუნდება:

  • დინამიკური პორტფელი: 8.99%
  • დაბალანსებული პორტფელი: 7.45%
  • კონსერვატიული პორტფელი: 5.91%

დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან მიღებული შემოსავლიანობითაც ლიდერობს და მისი გაწლიურებული ამონაგები 15.51%-ს შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში კი შესაბამისი მაჩვენებლები 13.90% და 10.40%-ით განისაზღვრა.