თბილისი (GBC) – რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
აგვისტოს ომის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%, კერძოდ, ორი რეგიონის – აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დღემდე დევნილობაში ცხოვრობს.
ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება ამ სუბიექტების სუვერენიტეტს არ აღიარებს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთის საოკუპაციო შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ორ რეგიონს და მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს.