თბილისი (GBC) – რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შედიან, ავალდებულებენ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის რეჟიმი არის საოკუპაციო. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ოთხშაბათს განაცხადა. მის სიტყვებს რუსული მედია ციტირებს. 

დუმის პლენარულ სხდომაზე ვოლოდინმა აღნიშნული დოკუმენტის ასლიც წარმოადგინა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მას ხელი მოაწერეს.

„რას გავს ეს? მათთვის, ვინც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა და გავიდა, იქნებ უკეთესია. არც შევეხვეწებით. მათ უკვე გვიღალატეს! მაგრამ ერთს ვეტყვით: მათ არაერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი სამშობლოსა და ხალხის წინაშე. თუ უკან დაბრუნებას გადაწყვეტენ, დაისჯებიან“, – თქვა ვოლოდინმა.

ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტთან, რუსეთის მხრიდან მრავალკილომეტრიანი რიგია, რომელიც პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ომში წასვლის მოწინააღმდეგე ასობით ათასმა რუსეთის მოქალაქემ შექმნა. ფეხით საზღვრის გადასაკვეთათ რუსეთის მოქალაქეებს მთელი დღე უწევთ რიგში დგომა, ავტომობილებით კი რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებიან რიგს.