თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30.4% ქ. თბილისშია განთავსებული, ხოლო 19.1% - იმერეთის, 13.4% - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.9%- კახეთის, 8.8% - ქვემო ქართლის, 5.1% - აჭარის, 4.6%- შიდა ქართლის, 2.1% - მცხეთა-მთიანეთის, 2.1% - სამცხე-ჯავახეთის, 1.5% - გურიის და 1% - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. ამასთან, 2023 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.9% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.1% - სახელმწიფო საკუთრებაში.

ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობას და მათ პროცენტულ განაწილებას საქართველოს რეგიონების მიხედვით, 2022-2023 წლებში.

საქსტატის მონაცემებით, ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2023 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 76.3%, ინდივიდუალური მეწარმეების წილი კი 20.6%-ია. ბაზრებისა და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1.6%), კოოპერატივის (1%) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.5%) ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა. 

ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს 2023 წელს მოქმედი ბაზრების და ბაზრობების განაწილებას ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით რეგიონულ ჭრილში:

2023 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები განთავსებულია 2.0 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ბაზრებსა და ბაზრობებს გააჩნია 68 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1291 შემნახველი საკანი (საწყობი) 28.6 ათასი კვ. მეტრი ფართობით და 0.7 ათასი ტონა ტევადობის 358 მაცივარი.

2023 წელს მოქმედი ბაზრობების 35% გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 35.6% ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), ხოლო 29.4% ნახევრად გადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც).

2023 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრებისა და ბაზრობების 30.4%-ში ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ ბაზრობაზე - მხოლოდ სასურსათო საქონლით, სამი ბაზრობის ტერიტორიაზე - ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი.

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 147 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 23 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორდღიანი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 51.8 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 37.4 ათას კაცს შეადგენს.

2023 წელს მოქმედ ბაზრებსა და ბაზრობებში სავაჭრო ადგილებს და მოვაჭრეთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით ასახავს  შემდეგი დიაგრამა:

2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დირექციებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.7 ათას კაცს შეადგენს, რომელთაგან 34.5% ქალია. ამასთან, დასაქმებულთა 45.8% ქალაქ თბილისზე მოდის.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 176.9 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 11.4 მლნ. ლარი (6.4%) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალია, 153.2 მლნ ლარი (86.6%) - სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 12.3 მლნ ლარი (7%) - სხვა შემოსავალი.

ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 108.9 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 36.5 მლნ. ლარია.