თბილისი (GBC) - საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში ₾93 მლრდ-ს გაუტოლდა, რაც 15%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 9.7% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 4.9%-ით განისაზღვრა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.4%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.8%).
შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.7%), მშენებლობა (8.5%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.4%), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.3%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3%), განათლება (5.6%).
2024 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.3%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (24.6%), განათლება (28.2%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (15.5%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (13.5%), მშენებლობა (12.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (11.2%).
კლება აღინიშნა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორში (10.5%).