თბილისი (GBC) – ჩეხეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა დაასრულეს ორი ბანკიდან გასვლის პროცედურები, რომელთა აქციების საკონტროლო პაკეტი რუსეთს ეკუთვნოდა, წერს სააგენტო Reuters ჩეხეთის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, ამ ბანკების რუსეთთან კავშირი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოდის.

ჩეხეთმა ბუდაპეშტში ბაზირებული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკიდან და მოსკოვის ეკონომიკური თანამშრომლობის ბანკიდან გასვლის პროცესი 2021 წელს დაიწყო, თუმცა პროცედურა მას შემდეგ დააჩქარა, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. პრაღაში შიშობენ, რომ კრემლი საკრედიტო ორგანიზაციებს სანქციების თავიდან არიდებაში გამოყენებას შეეცდება.

ამ ბანკებიდან გასვლა პოლონეთმა და სლოვაკეთმაც დაასრულეს, რუმინეთი კი საკრედიტო ორგანიზაციებს ივნისში დატოვებს. ჩეხეთის ფინანსთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ ამ ბანკებს მიმდინარე წელს დატოვებს ბულგარეთიც.