თბილისი (GBC) - საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდაჭერას განაგრძობს და 2026 წელს ახალი პროექტების განსახორციელებლად 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდება პროექტებს, რომლებიც მიმართულია ოჯახებისა და თემებისთვის რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებაზე მთელ საქართველოში.

ახალი პროექტების ძირითადი მიმართულებები მოიცავს:

  • პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას;
  • ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარებას;
  • სოფლებსა და რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ქალების ჩართულობით;
  • ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებასა და სურსათის ხარისხის ამაღლებას;
  • ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას;
  • უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობას;
  • კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციასა და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნას;
  • აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას 30 წელზე მეტია უჭერს მხარს და 1992 წლიდან დღემდე ქვეყანაში 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ბიზნესის მხარდაჭერა რეგიონებში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია.