თბილისი (GBC) – ყაზახეთი და ჩინეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარების მიზნით ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნაზე მუშაობენ. ფონდის საწყისი სამიზნე მოცულობა შესაძლოა $200 მილიონამდე იყოს, მომავალში კი მისი გაზრდა იგეგმება.
ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა ჩინეთის ფინანსთა მინისტრ ლან ფოანთან შეხვედრაზე ფონდის შექმნის საკითხი განიხილა. შეხვედრა ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური თანამშრომლობის ტიან-შანის მეორე ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის მთავრობა ავრცელებს.
ფონდის შექმნის ინიციატივა ყაზახურმა მხარემ მიმდინარე წლის ივლისში, შანხაიში, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისას წამოაყენა. ამჟამად განიხილება ყაზახურ-ჩინური პირდაპირი ინვესტიციების ფონდის შექმნა, რომლის საქმიანობაშიც ყაზახეთის სახელმწიფო ჰოლდინგი „ბაიტერეკი“ და ჩინეთის Silk Road Fund ჩაერთვებიან.
ჟუმანგარინის განცხადებით, ფონდის ამოქმედების დასაჩქარებლად საჭიროა ორივე ქვეყნის პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტების განსაზღვრა და მათი საქმიანობის საერთო პრინციპებზე შეთანხმება.
მისი თქმით, ყაზახეთი და ჩინეთი დაფინანსების რამდენიმე ურთიერთშემავსებელ მექანიზმს ქმნიან. მათ შორისაა Kazakh Invest Fund, პირდაპირი ინვესტიციების ერთობლივი ფონდი და პროექტების სასესხო და სადაზღვევო დაფინანსების მექანიზმები, რომლებშიც ორივე ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტები მიიღებენ მონაწილეობას.
ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ასევე ინიციატივით გამოდის, რომ არსებული და დაგეგმილი მექანიზმები ერთიან ყაზახურ-ჩინურ საპროექტო დაფინანსებისა და დაზღვევის პლატფორმაში გაერთიანდეს, ახალი ორგანიზაციის შექმნის გარეშე. ეს საშუალებას მისცემს მხარეებს, პრიორიტეტული პროექტებისთვის კომპლექსური ფინანსური პაკეტები მოამზადონ, რომლებიც გრძელვადიან სესხებს, დაზღვევას, გარანტიებს, იუანში დაფინანსებას და საჭიროების შემთხვევაში კაპიტალში მონაწილეობას მოიცავს.
მხარეები მექანიზმის პრაქტიკაში გამოსაცდელად რამდენიმე საპილოტე პროექტის შერჩევასაც გეგმავენ. პარალელურად, განიხილება ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკთან თანამშრომლობის გაფართოება ყაზახეთის სატრანსპორტო და კომუნალური ინფრასტრუქტურის პრიორიტეტული პროექტების დასაფინანსებლად.
