






USD | 2.9036 |
EUR | 3.0738 |
GBP | 3.624 |
TRY | 0.1821 |

თბილისი (GBC) - პარლამენტში სადაზღვევო სისტემის სრულყოფის საკითხებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტარებმა, კერძო სადაზღვევო და სამედიცინო სექტორმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების პერსპექტივები და საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების იდეა განიხილეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ რეფორმის მეორე ტალღაში, როგორც დაფინასების, ასევე აღსრულების ნაწილში, კერძო მონაწილე მეტად უნდა იყოს ჩართული, რომ სახელმწიფო სახსრები დაიზოგოს და იმ მიზნობრივი ჯგუფებისკენ მიიმართოს, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება.
შეხვედრის მონაწილეებს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების იდეა, ძირითადი პრინციპების დონეზე, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, დევი ხეჩინაშვილმა გააცნო.
მისი თქმით, იდეის არსი შემდეგში მდგომარეობს: სამედიცინო სერვისების უნივერსალურ პაკეტზე საყოველთაო წვდომა უნდა იყოს უზრუნველყოფილი; უნდა შემუშავდეს უნივერსალური პაკეტის სტრუქტურა და შინაარსი; განხორციელდეს ჯანმრთელობის დაზღვევისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში; განისაზღვროს კერძო სექტორის (დამსაქმებლის) როლი და სხვა.
როგორც აღინიშნა, ამ პროცესის საბოლოო მიზანი ერთი უნდა იყოს - სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ყველა ადამიანი იყოს დაზღვეული და დაზღვევის თანხა მძიმე ფინანსურ ტვირთად არ იქცეს ოჯახებისთვის.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული ბევრი წინადადება გასაზიარებელია, თუმცა, ამ პრინციპების ქვეყანაში არსებულ რეალობასთან მორგებაა საჭირო.
„ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ზეპარტიულ კონსენსუსს იმისათვის, თუ საით უნდა წავიდეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შემდეგი ათი წლის განმავლობაში, იმისათვის, რომ ჩვენ ჭეშმარიტად უნივერსალურ ჯანდაცვას მივაღწიოთ - თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა მათთვის აუცილებელ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე. ამაში ითვლება როგორც პრევენციული, სამკურნალო, რეაბილიტაციის, ასევე მედიკამენტების მიმართ ხელმისაწვდომობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული როგორც კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის რესურსები, ასევე სახელმწიფოს ის ბიუჯეტი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაზეა გამოყოფილი. საბოლოოდ კი ისეთ მოდელზე შევჯერდეთ, რომელიც დროსაც გაუძლებს და პოლიტიკური ამინდის ცლილებებსაც,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ყველა საკითხზე დეტალურად იმსჯელებენ და სავარაუდოდ, ორ თვეში კონკრეტულ დოკუმენტზე ჩამოყალიბდებიან.