თბილისი (GBC) – „აგენტების კანონის“ დაბრუნებისა და ამის გამო დასავლეთიდან წამოსული მწვავე კრიტიკის პარალელურად, პარლამენტმა ოფშორებიდან საქართველოში კომპანიებისა და მათი ქონების გადმოტანაზე შეღავათები დაჩქარებული წესით დააკანონა. ეს უკანასკნელი ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, ანალიტიკოსებს და ბევრ სხვას უამრავ ვარაუდს უჩენს: „ოცნების ხელმძღვანელობა სანქციებისთვის ემზადება“, „კანონი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია“, „ეს კანონი სანქცირებულ რუს ოლიგარქებს თავშესაფარს მისცემს“ და ბევრი სხვა მოსაზრება ისმის ცვლილებების კრიტიკოსებისგან.

თავად მმართველ პარტიაში კი ამ ინიციატივას ლამის „ქვეყნის ხსნად“ ასაღებენ და თავდაჯერებულად ირწმუნებიან, რომ ე.წ. ოფშორების კანონით საქართველოსკენ უზარმაზარი კაპიტალი და ქონება დაიძვრება, რომელიც აქ „გათეთრდება“ და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციებად ჩაიდება.

თუ ეს სიმართლეა (ოფშორული ფულის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში), რატომ ვერ მიაგნო ამ „ხსნას“ საინვესტიციო შიმშილში მყოფი საქართველოს ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში? ან რატომ უნდა ისურვოს ოფშორებს თავშეფარებულმა ბიზნესმენმა საკუთარი კაპიტალის ინვესტირება ისეთ რისკიან ბაზარზე, როგორიც საქართველოა? თან თავად ეს კანონი და ერთი მოსმენით მიღებული „აგენტების“ კანონპროექტი სრულიად ახალ პოლიტიკურ რისკებს აღძრავს ქვეყნისთვის. რუსი დუგინის, მედვედევისა და ლავროვის მხრიდან მოწონებული ეს „უმსუბუქესი“ კანონი ევროკავშირის და აშშ–ის ლიდერების მხრიდან ყოველდღიური კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული.

„რუსული კანონი“ ჯერ გადავდოთ და მმართველი პარტიისთვის საყვარელი სიტყვებით რომ ვთქვათ, „ცნობილი 9–წლიანი რეჟიმის“ დროსაც იყო მიღებული არაერთი კანონი თუ ნორმატიული აქტი ბიზნესებისთვის შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით. ქართველ კანონმდებლებს როგორც ხშირად ემართებათ, მაშინაც დაჩქარებულად მიიღეს კანონი ვირტუალური ზონის პირთა (ვზპ) შესახებ და ასევე მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. შეგახსენებთ, რომ ამ შეღავათებს საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო IT-კომპანიები უნდა მოეზიდა, რომლებსაც დიდი ფული, ცოდნა და დასაქმება უნდა მოჰყოლოდა.

პრინციპში, ასეც მოხდა. საქართველოში დღეს ამ ვზპ სტატუსით 1 200–ზე მეტი კომპანია ოპერირებს. თუმცა ეს კანონი, რომელიც ითარგმნა საიდანღაც, თუ მაშინდელი კანონმდებლების თავებიდან წამოვიდა, იდეალურიდან შორსაა და ხშირად უკუშედეგსაც იძლევა. ვზპ სტატუსის მქონე კომპანიებს,  მთლიანობაში მილიონობით ლარის ჯარიმა დააკისრეს ბოლო წლებში მხოლოდ იმიტომ, რომ კანონის წაკითხვა ავერსიდანაც და რევერსიდანაც შესაძლებელია, გააჩნია, როდის როგორ აწყობს სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ამ სტატუსის მქონე, საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კომპანიებს ამოწმებს.

უსამართლობა იქნება, აქვე არ აღინიშნოს, რომ ამ კოლოსალური ჯარიმების დაწესების შემდეგ ვზპ ასოციაციამ არაერთი შეხვედრა გამართა როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე ფინანსთა სამინისტროში და ამ კომუნიკაციამ კონკრეტული შედეგებიც გამოიღო. კომპანიების უდანაშაულობის დასაბუთების შემდეგ მათ ნაწილს საჯარიმო სანქციები საერთოდ გაუუქმდა, ნაწილს კი მიზერულ მოცულობამდე შეუმცირდა.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ აქტიურად თანამშრომლობენ და მზად არიან ბიზნესთან კომუნიკაციისთვის ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხზე და ეს ასეც უნდა ხდებოდეს. თუმცა, რამდენი წელი შეიძლება დასჭირდეს კანონმდებლებს თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ამ პროფილის წარმომადგენლებს თუნდაც ერთი, არც თუ ისე ვრცელი კანონის დასაკორექტირებლად, რომ საერთაშორისო IT-კომპანიები, რომლებიც საქართველოში ასობით სპეციალისტს ასაქმებენ საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე, არ გაიქცნენ ქვეყნის ბაზრიდან.

კანონმდებლობის ხარვეზების გამო გარკვეული პრობლემები საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კიდევ ერთ სექტორსაც შეეხო. 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  საერთაშორისო სტატუსის მქონე  IT და სანაოსნო კომპანიები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, რაც ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ისე მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას, ასევე დივიდენდის 5%-იანი გადასახადისა და ქონების გადასახადის. ასეთი მიმზიდველი სტატუსით, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 150 კომპანია სარგებლობდა. ამ კომპანიებთან მიმართებითაც იყო ნეგატიური მოქმედებები, თუმცა, მოგვიანებით, მთავრობის დადგენილებით გარკვეულ წილად დაზუსტდა მთელი რიგი ბუნდოვანებები. პრობლემები ნაწილობრივ მოგვარდა.

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ეს სექტორები ქმნიან ქვეყანაში საშუალო ფენას (ჯერჯერობით მათი რაოდენობა ვერ იძლევა გადაჭრით თქმის საშუალებას, რომ ეს შემდგარი საშუალო ფენაა). PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, ზოგადად დასაქმებულთა თითქმის 2%-ს შეადგენდა. აქედან ლომის წილი სწორედ აიტი სფეროში დასაქმებულებზე მოდის, სადაც დამწყებთა ხელფასიც კი საჯარო სკოლის პედაგოგის ყოველთვიურ ანაზღაურებაზე მაღალია, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა კვალიფიკაციის საფეხურებზე. 

„მომადლებული ოფშორების კანონის“ დაჩქარებულად მიღებამდე უკვე არსებულის დახვეწა–დაზუსტებაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებში ბოლო დროს ძალიან გაპოპულარებული სიტყვით რომ ვთქვათ, გამჭვირვალობაზე მუშაობა რომ დასრულებულიყო, კანონი საბოლოოდ გამართულიყო და გამორიცხულიყო საჯარო მოხელეების მხრიდან მისი ინტერპრეტირება, შეიძლება მეტი დამაჯერებლობაც შესძენოდა ოფშორული კაპიტალის გადმობირების გადაწყვეტილებას.

თუმცა, ყველაფერი ისევ ისეა და ვინ იცის, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება რამდენიმე წელიწადში ის კაპიტალი, რომელიც შეიძლება ოფშორებიდან ამ ინიციატივამ გადმოქაჩოს. დიდი ალბათობით, მერეც გამოჩნდება კანონმდებლობაში დღეს ჩამალული ის ხვრელები, ბუნდოვანებები, თუ ინტერპრეტირების სხვა წინაპირობები, რაც ამ კაპიტალის ნაკლებად „დაკრიშულ“ მფლობელებს სერიოზულ, უშეღავათო პრობლემებს შეუქმნის.