თბილისი (GBC) – ბაგები–უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდიდან ქავთარაძის ქუჩაზე გასასვლელად საავტომობილო გვირაბის გასაჭრელად თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის (გვირაბული მეთოდი) მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 953 160 ლარს შეადგენს.

„საავტომობილო გზის მშენებლობა ითვალისწინებს:

– მისასვლელი 1 - პანდუსის მოწყობას უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან;

– გვირაბის მოწყობას;

– გამოსასვლელი 2 - პანდუსის მოწყობას მიხეილ შავიშვილის ქუჩის მხრიდან.

გვირაბსა და პანდუსების ფარგლებში გათვალისწინებულია ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები წერილობითი დავალების მიცემიდან 180 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

 

bpn.ge