თბილისი (GBC) – "ქართულმა ჯარმა ყველაზე კარგად იცის დღეს, თუ ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე". ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც 30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადის ტერიტორიაზე, ვაზიანში გაიმართა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „დღეს ვიღაცებს სურთ, რომ საქართველოს 30-წლიანი მოკავშირეები აქციონ იმად, ვინც საქართველოს იწვევს ავანტიურაში“. მისი აზრით, ეს არის „დიდი ტყუილი“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა მე-19 საუკუნიდან ქართულ ენას, ვინ ებრძოდა ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყველა მცდელობას.

თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და დიპლომატები ესწრებიან.

„33 წლის მანძილზე არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. ქართულმა ჯარმა ყველაზე კარგად იცის ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა იცის ყველაზე კარგად, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს - ტერორიზმთან ბრძოლას. დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ როგორც უცნობი და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„იმის ქადაგება, რომ მტერი მტერი არაა და მოკავშირე - მოკავშირე, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა - მამა. ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სამხედრო აკადემიებში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვჭირდა და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდით“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

„მოღალატე“ პრეზიდენტი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, არ მიესალმა საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს, გააკრიტიკა მისი გამოსვლის შინაარსი და თქვა, რომ „ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს პასუხს“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მან საკუთარ სიტყვაში პრეზიდენტი შეგნებულად არ მოიხსენია, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადებები დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი იყო.

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართველ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის, ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“, - განაცხადა კობახიძემ.

თავდაცვის მინისტრი დასავლეთთან პარტნიორობის აუცილებლობაზე

„დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლაში.

მან საერთაშორისო პარტნიორებს თანამშრომლობისა და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მსურს მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისა და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.