თბილისი (GBC) - მოსახლეობის 1/3 იძულებულია დაიჯეროს, რომ  საპენსიო სააგენტოს ფონდად გარდაქმნის შემდეგ, მისი დანაზოგების მომგებიანობა და დაცულობა იმდენად გაიზრდება, რომ თავადაც ვერ შეეხება.

პარლამენტი, საპენსიო კანონში, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებული ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც აუქმებს არსებული კანონის 29-ე მუხლს (გვ.28), რომელიც საპენსიო სქემის მონაწილეს, თავისი დანაზოგის მართვისთვის, კერძო კომპანიის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.

დაგეგმილი ცვლილებებით, როგორც მასზე მომუშავე გიორგი გურგენიძემ გვითხრა (ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების სადაზღვევო პოლიტიკის და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ამასთან რჩება, აუთსორსინგის 28-ე მუხლი, რომელიც აქტივების კერძო მმართველების დაქირავების შესაძლებლობას არ ზღუდავს. 

კანონპროექტით, იზრდება დაბალრისკიანი პაკეტის რისკები, რომელშიც 2023-ის საშემოდგომო ცვლილებებით, ყველა ბენეფიციარი მოექცა, მათი უსაფრთხოებისთვის, დამატებითი რისკებისგან დაცვის მოტივით.

0%-ის ნაცვლად, კონსერვატიულ პაკეტში ჩნდება 15%-იანი კვოტა, სხვა აქტივებში ინვესტირებისთვის. "სხვა" გულისხმობს საპენსიო დანაზოგების მიმართვას ჰესის, მაგისტრალის, პორტის თუ სხვა მსხვილი პროექტისთვის, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადაფინანსებულია. 5%-5% ემატება საშუალო და მაღალრისკიან პაკეტებსაც და შესაბამისად ლიმიტი 20% და 25%-მდე იზრდება. 

ავტორის განმარტებით, ცვლილებები, რომელიც 2 საბჭოანი მმართველობითი სისტემის ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, განპირობებულია ფონდის გაზრდით, რომელიც ამ დროისთვის 1,3 მლნ-ზე მეტი მოქალაქის 4.9 მლრდ ლარის აქტივს განკარგავს. 

გიორგი გურგენიძის განმარტებით, ადმინისტრაციული მმართველობის  გაუმჯობესების საჭიროება, საპენსიო სააგენტოს საქმიანობის მე-5 წელს გამოიკვეთა. მისი თქმით, 2 ბორდიანი მმართველობის ეფექტიანობას, საერთაშორისო პრაქტიკაც აყენებს ეჭვქვეშ. საუკეთესო სტანდარტად მიჩნეულია, 1- ბორდიანი, რომელიც მართვის ეფექტიანობას ზრდის. 

მისივე ინფორმაციით, მმართველობითი მოდელის ცვლილებაზე საქმის კურსშია მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკი. საკითხი გავლილია, გაერთიანებული მისიის ფარგლებში, გასულის წლის ივნისში.

გურგენიძის ინფორმაციით, კონსულტაციებში ჩართული იყო სსფ -ც, თუმცა მმართველობის ალტერნატიული შესათავაზებელი ვარიანტი არ ჰქონია.

კანონპროექტით, საპენსიო ფონდის (მომავალში) მმართველი საბჭო 9-დან 15-მდე წევრით დაკომპლექტდება. შემოდის რისკების მართვის კომიტეტი, რისკების არსებული დეპარტამენტის ნაცვლად. კიდევ 2 კომიტეტი იქნება  საინვესტიციო და აუდიტის.

რისკის კომიტეტზე შენიშვნა, საპენსიო სააგენტოს პირველ დირექტორსაც ჰქონდა. ლევან სურგულაძის თქმით, რისკის კომიტეტი უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოსგან დამოუკიდებელი, რომლის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული მთავარი რისკის ოფიცერი. ახლანდელი სტრუქტურული მოწყობით კი ოფიცერი ექვემდებარება რისკის ამღებ მხარეს (საინვესტიციო საბჭოს).

სააგენტოს ფონდად ტრანსფორმირების შემდეგ საინვესტიციო საბჭო აღარ იქნება. 

*ფოტო სააგენტოს წარმატებული საქმიანობის 5 წლიანი ანგარიშის პრეზენტაციიდან