თბილისი (GBC) - თბილისში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 30 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი საგანელიძე. შეხვედრაზე მაღალი რანგის წარმომადგენელმა „მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მხრიდან, დიდი ბრიტანეთისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებებისა და საჯარო თავდასხმების სერია“.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა საგანელიძესთან საუბრისას „მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ“.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით:

„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“.

„საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს“.

„დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას“.

ინფორმაციისთვის, ბრიტანეთს უკვე არაერთი ქართველი მაღალჩინოსანი ჰყავს სანქცირებული, მათ შორისაა: ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, კარლო კაციტაძე, შალვა ბედოიძე, მირზა კეზევაძე, გიორგი გაბიტაშვილი, ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), მილერი ლაგაზაური.

ამასთან ერთად, საქართველოს ბრიტანეთში ელჩი არ ჰყავს და დიპლომატიურ მისიას სწორედ საგანელიძე ხელმძღვანელობს. ის არის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.