თბილისი (GBC) – სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის მთავრობა საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება. ამის შესახებ პორტალი Аktuality წერს. 

გამოცემა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სხდომაზე გადაწყდება, ცეცხლსასროლი იარაღით ოთხშაბათს დაჭრილი პრემიერ–მინისტრის რობერტ ფიცოს გამოჯანმრთელებამდე ვინ ჩაუდგება სათავეში მინისტრთა კაბინეტს. ყველაზე რეალური პრეტენდენტი პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად თავად კალინიაკი განიხილება, რომელიც ფიცოს უახლოესი თანამოაზრეა.

მთავრობის გარდა, სხდომას გამართავს სლოვაკეთის უშიშროების საბჭოც, სადაც, სავარაუდოდ, რესპუბლიკაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საკითხზე იმსჯელებენ.

სლოვაკური მედიის ცნობით, სახელმწიფო დაწესებულებების მიმდებარედ პოლიციის გაძლიერებული დანაყოფები გამოჩნდნენ. ყველაზე დაცული ობიექტი რესპუბლიკაში გახდა რუზველტის სახელობის საავადმყოფო, რომელიც ქალაქ ბანსკა–ბისტრიცაში მდებარეობს. სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობენ პრემიერ ფიცოს, რომელსაც მკერდსა და მუცელში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

ამავე დროს, ქვეყნის შს მინისტრმა მატუშ შუტაი–ეშტოკმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრზე თავდასხმის გამო სლოვაკეთი „პრაქტიკულად სამოქალაქო ომის ზღვარზეა“. „ზიზღიდან, რომელიც დაითესა, ქარიშხალი ამოვარდა და ახლა თითქმის სამოქალაქო ომის ზღვარზე ვდგავართ“, – ციტირებს მინისტრს ჩეხური გამოცემა Novinky.

მინისტრმა ასე შეაფასა სოციალურ ქსელებში გავრცელებული „გაბოროტებული კომენტარები“ ფიცოზე თავდასხმასთან დაკავშირებით. მან მოქალაქეებს მოუწოდა, შეწყვიტონ სიძულვილის გაღვივება.

ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სხვადასხვა წყაროს თანახმად, არის 71 წლის იურაი ჩინტული, სლოვაკი მწერალი და პოეტი, რომელიც თავდასხმისას გამოყენებულ იარაღს კანონიერად ფლობდა. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელმა პრემიერს დაუძახა და როდესაც მწერლისთვის ხელის ჩამოსართმევად გაემართა, ამ დროს გაისროლა ჩინტულმა.