თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2026 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 93.5%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.5 პ.პ.-ით აღემატება. 

ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი საქალაქო დასახლებებში 1.6 პ.პ.-ით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 1.5 პ.პ.-ით და შესაბამისად, 96.8 და 89% შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად, 98.2 და 96.3% შეადგინა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 89.6%-მა, რაც 1.7 პ.პ.-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 92.9%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 83.9%-ით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 89.7%, ხოლო კაცების შემთხვევაში 89.5%-ია.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 99.6%-ს შეადგენს.

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 96.4% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იყენებდა, 3.4% - კვირაში ერთხელ მაინც, 0.2% კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: სოციალური ქსელების გამოყენება (97.5%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (97.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (61%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (54.5%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (50.2%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (41.7%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის ჩამოტვირთვა (15.8%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.5%).

15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 38.6%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში - 42.7%-ს, ხოლო სასოფლო დასახლებებში 31%-ს შეადგენს. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 42.5%, კაცებისათვის კი 34.2%-ია. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობებია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 63%, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 39.9%, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 17.5%.

15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 99.8%-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 99.7%-ს, ხოლო კაცებისათვის - 99%-ს შეადგენს.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.9%. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 69% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 42.8%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად - 74.1 და 62.1% შეადგინა.

6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.9%-მა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში 57.9%-ია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 36.2%. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 49%-ს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში - 50.8%-ს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 89.3% შეადგინა.

15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში კომპიუტერის მომხმარებელთა 70% კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 19% - კვირაში ერთხელ მაინც, 11% კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 93.3% ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პ.პ.-ით მეტია.

ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.4 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პ.პ.-ით გაიზარდა და შესაბამისად 95.2 და 90.1% შეადგინა.