თბილისი (GBC) – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) - 1 758 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5 367 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110%-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 227 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 516 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 114 მოვაჭრეს - 268 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 289 663 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 151 საქმეზე - 134 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 69% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 31 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 81% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6%, იმერეთი 3%, ქვემო ქართლი 2%, კახეთი 2%, სამეგრელო ზემო-სვანეთი 2% და სხვ.
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 707 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 393, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 431, ხოლო სხვა დანარჩენზე - 227. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 67%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 19%.
