თბილისი (GBC) – აშშ-ის სამხედროებმა პირველად განახორციელეს დარტყმები ირანულ ტანკერებზე, რაც ვაშინგტონის პასუხი გახდა თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ამის შესახებ Axios ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის შეკავების მიზნით ახალი მიდგომა – „ტანკერი ტანკერის წილ“ დაამტკიცა. მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის დაბრკოლებების შექმნაში. აქამდე აშშ-ის სამხედროები მხოლოდ იმ გემებს ესხმოდნენ თავს, რომლებიც ირანის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ.
1 სექტემბერს განხორციელებული მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, რომლის სამიზნე დაახლოებით 100 ობიექტი იყო, დრონებით ორი ირანული ტანკერი დაზიანდა. Axios-ის ცნობით, გემები ირანის სანაპიროსთან, საზღვაო ბლოკადის ხაზის ჩრდილოეთით, ღუზაზე იდგნენ.
დარტყმების სამიზნე ასევე გახდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო თავდაცვის ობიექტები, რადარები, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტებისა და დამრტყმელი დრონების გამშვები დანადგარები, ნაღმების განთავსებისთვის განკუთვნილი საშუალებები და საკომუნიკაციო პუნქტები.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ოპერაცია IRGC-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებსა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმის ბოლო მცდელობებზე პასუხი იყო.
თუმცა, Axios-ის ცნობით, ოპერაცია ასევე წარმოადგენს იმ გეგმის ნაწილს, რომელსაც ტრამპი და მისი მრჩევლები ბოლო დღეებში განიხილავდნენ. გეგმის მიზანია, ირანს ხელი შეუშალოს გემებზე თავდასხმის შესაძლებლობების აღდგენაში.
ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, მასშტაბური დარტყმების შედეგად აშშ-ის სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისთვის საფრთხე, სულ მცირე, ერთი თვით შეამცირეს.
მისივე თქმით, ამის ფონზე აშშ-ის სამხედროებმა ერთ დღეში ჰორმუზის სრუტეში დაახლოებით 40 ტანკერი გაატარეს, რომლებსაც მილიონობით ბარელი ნავთობი გადაჰქონდათ. IRGC-მა გემების მიმართულებით რამდენიმე ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა და დრონი გაუშვა, თუმცა ყველა მათგანი ჩამოაგდეს.
აშშ-ის მასშტაბური დარტყმების საპასუხოდ ირანმა ბალისტიკური რაკეტები და დამრტყმელი დრონები გაუშვა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იორდანიაში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და ერაყში.
იორდანიის არმიის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 10 ირანული რაკეტა ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენების შესახებ განაცხადეს ბაჰრეინისა და ქუვეითის ხელისუფლებებმაც.
ჰორმუზის სრუტეში დაპირისპირების გამწვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ენერგეტიკული ბაზრებისთვის, რადგან სრუტე ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირების ერთ-ერთი მთავარი საზღვაო მარშრუტია. აშშ-ის სამხედროები ბოლო კვირების განმავლობაში ცდილობენ სრუტეში ნაოსნობის აღდგენასა და ნავთობის ექსპორტის გაზრდას.
