თბილისი (GBC) – რუსეთის მოქალაქეები დიდი ქალაქებიდან სოფლებში და დაბებში უნდა გადაასახლონ, რადგან დასავლეთთან მოსალოდნელი ომი შესაძლოა ბირთვულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ასეთი წინადადებით გამოვიდა რუსი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი, რომელსაც დასავლური მედია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ მრჩევლად მოიხსენიებდა.

დუგინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებთან ომი „უბრალოდ სავარაუდო კი არა, თითქმის გარდაუვალია“, ხოლო მისი ბირთვულ ომად გადაქცევის ალბათობა „ძალიან მაღალია“.

„რუსეთის მეგაპოლისები, სადაც მთელი ცხოვრება, მრეწველობა და ეკონომიკაა თავმოყრილი, წერტილოვანი დარტყმებისთვის მიმზიდველ სამიზნედ იქცევა. ამიტომ საჭიროა ქალაქების, განსაკუთრებით კი მეგაპოლისების, დაუყოვნებლივი და მასობრივი განსახლება“, – განაცხადა დუგინმა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებსაც საკუთარი მიწა აქვთ, „შეუდარებლად მეტ შვილს აჩენენ, ვიდრე ქალაქებში მცხოვრებლები“.

„დიდი ქალაქები აღარ იქნება – არც მოსკოვი, არც სანქტ-პეტერბურგი, არც ეკატერინბურგი. ადამიანები მიწაზე მშვიდად საცხოვრებლად წავლენ. მაღალსართულიანი შენობები კი, მაგალითად, ფერმებს შეიძლება გადაეცეს ბიტკოინის მაინინგისთვის. იქ იცხოვრონ კომპიუტერებმა, იცხოვრონ რობოტებმა“, – პროგნოზირებს დუგინი.

დუგინი აშშ-ის, ევროკავშირისა და კანადის სანქცირებულთა სიებშია. მანამდე ის ძალოვანი სტრუქტურების – შინაგან საქმეთა სამინისტროს, ФСБ-სა და „როსგვარდიის“ თანამშრომლებს „ღვთის მიერ გამოგზავნილებად“ აღქმას მოუწოდებდა. ასევე ამტკიცებდა, რომ დასავლეთში შექმნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მათ შორის ყავის საფქვავები და ელექტროქურები, რუს მოქალაქეებს უთვალთვალებს.

უკრაინაზე „ორეშნიკის“ რაკეტებით განხორციელებული დარტყმების შემდეგ დუგინმა მოსახლეობას „სასწრაფოდ მონათვლისკენ“ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, სამყაროს აღსასრული ახლოვდებოდა.

2026 წლის მარტში დუგინი სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე კონტროლის გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა და თავად ადამიანებს ურჩევდა, თავიანთი ტანჯვა გარდაუვალ რეალობად მიეღოთ.

„ჩვენ, რუსები, ისტორიაში ყოველთვის ვიტანჯებოდით. ასეთია ჩვენი ბედი. ჩვენ დიდი ხალხი ვართ და თუ ვინმეს უსამართლოდ მოექცნენ, ეს მხოლოდ თავმდაბლობისა და დიდებისთვისაა“, – აცხადებდა დუგინი.

ივლისში დუგინი ფრონტზე მოსკოველების მობილიზაციასაც ითხოვდა, რომლებიც, მისი შეფასებით, ტბებთან მშვიდ ცხოვრებას აგრძელებენ, და მათ „ჭიანჭველებს“ ადარებდა.

დუგინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთთან „წმინდა სახალხო ომს“ აწარმოებს, რომელიც შესაძლოა „კაცობრიობის აღსასრულით“ დასრულდეს.