თბილისი (GBC) - 2026 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი შენარჩუნდა. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის „ტურიზმის პულსის“ თანახმად, ივლისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 26%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა.

ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ მცირედით გადააჭარბა დანახარჯების ზრდას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქტივობა კვლავ ძლიერი იყო, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი უმნიშვნელოდ შემცირდა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობით ორივე კატეგორიაში (სასტუმროები და რესტორნები) აჭარა ლიდერობდა, რასაც თბილისი და კახეთი მოსდევდნენ.

რეგიონების მიხედვით დინამიკა კვლავ არაერთგვაროვანია:

  • თბილისი: დედაქალაქში დადებითი დინამიკა ორივე კატეგორიაში შენარჩუნდა. სასტუმროებსა და რესტორნებში გაიზარდა როგორც მთლიანი დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა. კერძოდ, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 22%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში განსაკუთრებით ძლიერი ზრდა - 40% დაფიქსირდა.
  • აჭარა: რეგიონში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სასტუმროებში, სადაც უნაღდო დანახარჯები წლიურად 71%-ით გაიზარდა (გაიზარდა როგორც მთლიანი დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა). რესტორნებში დანახარჯები მხოლოდ 6%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქცია შემცირდა, რაც ტრანზაქციების რაოდენობის მატებაზე მიუთითებს.
  • კახეთი: ორივე ხარჯვით კატეგორიაში შემცირდა როგორც მთლიანი უნაღდო დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა. კლება განსაკუთრებით მკვეთრი სასტუმროებში იყო, სადაც დანახარჯები წლიურ ჭრილში 26%-ით შემცირდა, ხოლო რესტორნებში კლებამ 9% შეადგინა.

„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, აგვისტოს პიკური სეზონი ხელს შეუწყობს აჭარის სასტუმროებში მაღალი აქტივობის შენარჩუნებასა და თბილისში ზრდის გაგრძელებას, რაც კახეთის მიმდინარე უარყოფით დინამიკას დააბალანსებს.