თბილისი (GBC) - ხელოვნური ინტელექტის (AI) ქარხნების სწრაფი განვითარებისა და მზარდი მოთხოვნის ფონზე, სომხეთმა, შესაძლოა, ელექტროენერგიის დამატებითი იმპორტი დაიწყოს, სადაც ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად, სხვა მეზობელ ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მოიაზრება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ აქამდე სომხეთში ელექტროენერგიის ჭარბ წარმოებაზე საუბრობდნენ, ახალი ტექნოლოგიური პროექტები და ინვესტორების გეგმები ენერგეტიკული სტრატეგიის გადახედვას მოითხოვს, რადგან AI ინფრასტრუქტურა კოლოსალური მოცულობის ენერგიას მოიხმარს.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი მზის ენერგიისა და დაგროვების სისტემების განვითარებით 100%-იანი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაა, თუმცა ეს საერთაშორისო ვაჭრობას არ გამორიცხავს. სომხეთის პრემიერის თქმით, საჭიროებისამებრ განხორციელდება როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი, მათ შორის საქართველოსთან, ირანთან, თურქეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით.

სომხური მხარის ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პოზიციას მოჰყვა. ალიევის თქმით, TRIPP-ის („ტრამპის გზის“) ფარგლებში განიხილება სომხეთის გავლით ნახიჩევანის, თურქეთისა და ევროპის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, რაც სომხეთის ენერგოსისტემის სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს. აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგური მოძველებულია და მისი მოსალოდნელი დახურვის შემდეგ ერევანს ალტერნატიული წყაროები დასჭირდება.