თბილისი (GBC) - აზერბაიჯანი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაფართოებას გეგმავს, სადაც საქართველოსა და თურქეთის გავლით არსებული მარშრუტი ამ ეტაპზე ერთადერთ საექსპორტო არხს წარმოადგენს. ქვეყნის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო აქტიურად მუშაობს ევროპულ ბაზარზე ელექტროენერგიით გასვლაზე, რისთვისაც უკვე მომზადებულია შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.

აზერბაიჯანი ამჟამად ენერგოსისტემით დაკავშირებულია რუსეთთან, ირანთან, საქართველოსთან და თურქეთთან (საქართველოს გავლით), ხოლო ევროპისკენ გამავალი შესაძლებლობების გაფართოება ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. ამ გეგმის პარალელურად, ყაზახეთთან და უზბეკეთთან გაფორმებული შეთანხმებით, კასპიის ზღვის ფსკერზეც იგეგმება წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანა.

რეგიონული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, ბაქოს უკვე მომზადებული აქვს პროექტი აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე ელექტროგადამცემი ხაზების გასაყვანად. ალიევის შეფასებით, სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე, საიდანაც ენერგია თურქეთსა და ევროპაში წავა, ახალი ენერგეტიკული დერეფნის შექმნა კრიზისულ სიტუაციებში თავად სომხეთის ენერგოსისტემის სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს.

ენერგეტიკულ პროექტებთან ერთად, აზერბაიჯანი აქტიურად ავითარებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასაც. ზანგეზურის დერეფნის პროექტის (TRIPP) ფარგლებში იგეგმება წელიწადში სულ მცირე 15 მილიონი ტონა ტვირთის ტრანზიტი, რაც ნახიჩევანს რეგიონის საკვანძო სატრანსპორტო ჰაბად აქცევს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სარკინიგზო და საავტომობილო გზების აღდგენა-მშენებლობა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისა და ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა.

ამასთან, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხორციელდება მასშტაბური მართვითი და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები. რეგიონში დაინერგა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლობის ინსტიტუტი, რაც ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის მსგავსად, ერთიან ადმინისტრაციულ ჩარჩოს ქმნის. ნახიჩევანში იქმნება მსხვილი ინდუსტრიული პარკი, შენდება 300-მეგავატიანი თბოელექტროსადგური და მზის ელექტროსადგურები, ეწყობა საირიგაციო სისტემები და ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა.