თბილისი (GBC) – Green Energy Corridor Power Company (GECO Power) შავი ზღვის მწვანე ენერგიის დერეფნის – Black Sea Energy-ის პროექტის განხორციელების ახალ ეტაპზე გადავიდა.

GECO Power-ის ინფორმაციით, კომპანიამ CESI-სა და პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად Workstream 2-ის ფარგლებში შეხვედრა გამართა, რომელიც პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპიდან განვითარების ფაზაზე გადასვლისთვის აუცილებელ ღონისძიებებს მიეძღვნა.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტის შემდეგი ეტაპის ძირითადი ტექნიკური, ეკონომიკური და ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის განვითარების სტრატეგიისა და შესყიდვების სტრატეგიის შემუშავების მიდგომები. ასევე იმსჯელეს მონაწილე ქვეყნებსა და პროექტის პარტნიორებს შორის დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაციაზე.

GECO Power-ის განცხადებით, Workstream 2 მნიშვნელოვანი ეტაპია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგების სტრუქტურირებულ განვითარების მოდელში გადატანისა და Black Sea Energy-ის საბოლოო განხორციელების გზის განსაზღვრისთვის.

Black Sea Energy-ის პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ერთობლივი ინიციატივაა. ოთხი ქვეყნის მთავრობებმა მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას 2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში მოაწერეს ხელი.

2026 წლის 3 ივლისს ბაქოში გამართულ პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდა, რომ Black Sea Energy-ის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დასრულდა და პროექტი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

შეხვედრის შედეგად GECO Power-ს დაევალა დეტალური საგზაო რუკის მომზადება იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა განხორციელდეს. ასევე შეთანხმდა მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერება.

საქართველოსთვის პროექტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი ქვეყანას ევროპულ ენერგეტიკულ ქსელთან დააკავშირებს და საქართველოს რეგიონული მწვანე ენერგიის სატრანზიტო ცენტრის როლს გაუძლიერებს.