თბილისი (GBC) - სებ-მა ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში, 2 ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში  წარადგინა.

ახალი პლატფორმა გამჭვირვალობის და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება.

ეკონომიკური მონაცემების პორტალი ეკონომიკის ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს ერთიან სივრცეში ხდის ხელმისაწვდომს. მისი საშუალებით მომხმარებელი მარტივად მოიძიებს სასურველ დროითი მწკრივებს, შეარჩევს მონაცემთა სიხშირეს, აგრეგაციის დონეს და ცვლილების ტემპი. მიღებულ შედეგებს კი მისთვის მოსახეხერხებელ ფორმატში ჩამოტვირთავს.

ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში თანამედროვე ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლებს ინფლაციის დინამიკის, მისი ძირითადი კომპონენტების და ფასების ცვლილების ტენდენციების სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. მონაცემების გამოტანა შესაძლებელია სასურველი სიხშირით, ინტერაქტიული დიაგრამებით და ცხრილებით.

სებ-ის ინფორმაციით, ინსტრუმენტები გაამარტივებს ეკონომიკური მონაცემების მოძიებას, დამუშავებასა და ინტერპრეტაციას. ამასთან, ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებულ კვლევასდა ანალიზს და საზოგადოებას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კვლევითი ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.