თბილისი (GBC) - საპენსიო ფონდმა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ რიდლი, საინვესტიციო გუნდის სახელით, ფონდის შედეგებსა და საინვესტიციო მიდგომებსა და გეგმებზე მიმართვას ავრცელებს. 

კერძოდ, მათი განცხადებით, საპენსიო აქტივებში სადეპოზიტო სერტიფიკატები ამონაგების ერთ - ერთ უმსხვილეს წყაროდ დარჩა, რაც ასახავს როგორც მათ მაღალ წილს მთლიან პორტფელში, ისე ადგილობრივი საბანკო სექტორის სტაბილურ მომგებიანობას. 

წლიურ ამონაგებში მათივე თქმით, მნიშვნელოვანი როლი შეინარჩუნა საქართველოს სახელმწიფო ფასიანმა ქაღალდებმაც, რომელიც საპენსიო ფონდის ერთ - ერთ მთავარ სტრატეგიულ აქტივის კლასად რჩება. ამასთან, წლის განმავლობაში ფონდმა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ჩართულობა კიდევ უფრო გააღრმავა და საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორის როლი შეინარჩუნა.

საინვესტიციო ოფიცრები აღნიშნავენ, რომ ფონდის საინვესტიციო მიდგომა აქტივების სტრატეგიულ განაწილებას ეფუძნება, რომელიც მათი თქმით, გრძელვადიან პერიოდში მომგებიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. “მომავალშიც,  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უცვლელია: გრძელვადიან პერიოდში დადებითი რეალური ამონაგების მაქსიმიზაცია, რისკების გონივრული მართვა და საქართველოს კაპიტალის ბაზრებსა და საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვანი როლის შესრულება”.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების მოცულობა 37% -ით გაიზარდა და წლის ბოლოსთვის ₾8.2 მლრდ-ს მიაღწია. 2025 წელს დაგენერირებულმა საინვესტიციო მოგებამ ₾796 მლნ შეადგინა, რაც ფონდის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია, ხოლო დაარსებიდან დღემდე ჯამურმა საინვესტიციო ამონაგებმა ₾2.2 მლრდ-ს გადააჭარბა.

2025 წელს სამივე საინვესტიციო პორტფელმა ორნიშნა ნომინალური მომგებიანობა აჩვენა. ყველაზე მაღალი შედეგი დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა - 15.2%, დაბალანსებული პორტფელის მომგებიანობამ 13.3% შეადგინა, ხოლო კონსერვატიულმა პორტფელმა, რომელშიც აქტივების უდიდესი ნაწილია განთავსებული , წლის განმავლობაში 11.8% -იანი ამონაგები აჩვენა. 

2025 წელს საერთაშორისო აქციები ფონდის ყველაზე მაღალშემოსავლიანი აქტივის კლასი იყო. შესაბამისად , დინამიკურმა პორტფელმა, რომელშიც აქციების წილი ყველაზე მაღალია, 2025 წელს საინვესტიციო პორტფელებს შორის ლიდერობა შეინარჩუნა.

წლის განმავლობაში საერთაშორისო აქციების წილი საპენსიო აქტივებში 16.5%-დან 19.2% -მდე გაიზარდა და მიღებულმა მოგებამ ₾239 მლნ შეადგინა, რაც 20.7% -იან წლიურ ამონაგებს უტოლდება.

ადგილობრივი ეკონომიკური გარემო ფონდის შედეგების ერთ - ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება, ვინაიდან საპენსიო აქტივების 80%-ზე მეტი საქართველოშია ინვესტირებული. წლის განმავლობაში ფონდის თქმით, მაკროეკონომიკური ფონი მთლიანობაში ხელსაყრელი იყო: ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალი ტემპით გაგრძელდა, ინფლაციური ზეწოლა მართვად დონეზე შენარჩუნდა, ხოლო ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.