თბილისი (GBC) - თურქეთის პოლიტიკურ არენაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია: ქვეყნის უძველეს და უმსხვილეს ოპოზიციურ ძალას, „სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას“ (CHP) 91 დეპუტატი გამოეყო და ოზგურ ოზელის ხელმძღვანელობით ახალი პოლიტიკური გაერთიანება - „ახალი პარტია“ (Yeni Partisi) დააფუძნა. ამის შესახებ The Guardian სტამბოლელ ესეისტზე, კაია გენჩზე დაყრდნობით წერს.
პარტიის შიდა განხეთქილება და მასობრივი დემარში მაისში ანკარაში, CHP-ის სათავო ოფისში პოლიციის ძალისმიერ შეჭრას მოჰყვა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რომლითაც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე 77 წლის ყოფილი ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ აღადგინეს. ოზგურ ოზელის მხარდამჭერები შენობიდან იძულებით გაიყვანეს. ამ მოვლენების შემდეგ ოზელმა და 90-მა დეპუტატმა CHP დატოვეს, რის შედეგადაც 1923 წელს ათათურქის მიერ დაარსებული ისტორიული პარტია 600-ადგილიან პარლამენტში სულ 44 კანონმდებლით დარჩა.
ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ქილიჩდაროღლუს განცხადებებმა, რომელმაც ირიბად ეჭვქვეშ დააყენა დაკავებული ოპოზიციონერი მერების უდანაშაულობა და პარტიის „წმენდისკენ“ მოუწოდა. ბოლო 18 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ სამართლებრივი დევნა დაიწყო CHP-ის საკვანძო ფიგურების, მათ შორის სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს წინააღმდეგ, რომელსაც 142 მუხლით ედება ბრალი და 2 000 წელზე მეტი პატიმრობა ემუქრება, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს მის მონაწილეობას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„ახალი პარტია“, რომელმაც პარლამენტში უმცირესობის უდიდესი ფრაქცია დაიკავა, აცხადებს, რომ სოციალ-დემოკრატიულ პლატფორმას დაეფუძნება. პარტიის პროგრამა მოიცავს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების აღიარებას, ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრაციასა და NATO-ში როლის გაძლიერებას. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალ ძალას სერიოზული გამოწვევები ელის, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსების, ინფრასტრუქტურისა და იმ ისტორიული ბრენდის ნაკლებობა, რასაც საუკუნოვანი CHP ფლობს.
