თბილისი (GBC) – რუსეთისთვის სომხეთიდან იმპორტირებული საქონლის ჩანაცვლება სირთულეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი სომხეთისთვის კვლავ მთავარი საექსპორტო ბაზარი და მისი ეკონომიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობის რესურსების ძირითადი წყაროა. მისი შეფასებით, სომხური პროდუქციის მიწოდების მოცულობა რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნების ბაზრებზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, რის გამოც მისი ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება.

რეშეტნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს ეჭვი ეპარება, შეძლებს თუ არა სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ ბუნებრივი აირის იმავე პირობებით მიღებას.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ საკითხზეც. მისი თქმით, კომპანიას სომხეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უსასყიდლოდ არ მიუღია და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. რეშეტნიკოვის განცხადებით, თუ ერევანი მოქმედი შეთანხმებების ცალმხრივად გადახედვას გადაწყვეტს, რუსეთისთვის დამატებითი ფინანსური მოთხოვნების წაყენებას საფუძველი არ ექნება.

რამდენიმე დღით ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანს შეუძლია რუსეთს წარუდგინოს ფინანსური მოთხოვნები იმ აქტივებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის, რომლებიც წარსულში უფასოდ იყო გადაცემული. მისი თქმით, მოთხოვნების მოცულობამ შესაძლოა წელიწადში 2 მილიარდ დოლარს მიაღწიოს და ეს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ კონცესიის საკითხსაც შეეხოს, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუსახელებია.

„სომხეთს ასევე აქვს ობიექტები, რომლებიც ადრე უფასოდ იყო გადაცემული, თუმცა ახლა ქვეყანამ შესაძლოა მათთვის წელიწადში 2 მილიარდი დოლარი მოითხოვოს“, – აცხადებდა ფაშინიანი.