თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 4.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 43.8%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.5%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2Q26-ში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც 5.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

საქსტატის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების 81.5% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.8% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.8% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2Q26-ში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 328.9 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.1%-ს შეადგენდა.

მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 10.8%-იანი წილით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (380.1 ათასი), თურქეთისა (287 ათასი) და სომხეთის (199.6 ათასი) მოქალაქეების მიერ. 

ვიზიტორების უმრავლესობა (45.6%) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 42.9%-ს შეადგენდა.

2Q26-ში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (49.6%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 875.5 ათასი და 621.3 ათასი ვიზიტი.

2Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.48 ღამე შეადგინა, რაც 2Q25-ში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.30 ღამე) 3.5%-ით მეტია.

განხორციელებული ვიზიტების 81.8% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ამასთან, 2Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾3 მლრდ-ს გაუტოლდა, რაც 13.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2Q25-თან შედარებით 9.2%-ით შემცირდა და 1 922.1 ლარი შეადგინა.