თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 232 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა და 15.2 ათასი შეადგინა.

2025 წელს 2 318 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება იყო. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 16.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 6%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების რიცხოვნობამ 22.5 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 21.3 ათასი.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები (14.2%), სიმსივნეები (12.7%), ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები (10.6%), ძვალკუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები (8.9%), თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები (6.8%).

ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, ძვალკუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების, სისხლის მიმოქცევის სისტემის და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.

2025 წელს შიდსით დაავადების 562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 53 ერთეულით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შიდსით დაავადებულთა კუმულატიური რიცხოვნობა 11 568 ერთეულით განისაზღვრა. 2025 წელს შიდსით 150 პირი გარდაიცვალა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით 2025 წელს, წინა წელთან შედარებით ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 7.3%-ით ნაკლები იყო. ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობა 12.9%-ით შემცირდა და 1 142 შეადგინა.

ამასთან, 2025 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით 1.15 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 99% უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.