თბილისი (GBC) - ქართული მეღვინეობის სექტორი ახალი, მკაცრი რეგულაციების რეალობაში გადავიდა: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის სრულ კონტროლს ითვალისწინებს, უკვე ამოქმედდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ რეფორმას ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის დაცვისა და ქართული ღვინის იმიჯის შენარჩუნების მოტივით ამართლებს, GBC-ის მიერ ღვინის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტები სულ სხვა პრაქტიკულ სურათს აშიშვლებს. პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 9 ივნისს, მესამე მოსმენით, 75 ხმით ერთის წინააღმდეგ დამტკიცდა, დღეს კერძო სექტორს ახალი ფინანსური და ადმინისტრაციული წნეხის წინაშე ტოვებს.
„მცირე მარნის“ სტატუსის შეკვეცა და 375 000 ლარი ბიზნესის ჯიბიდან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა რამდენიმე ფუნდამენტურ რეფორმას ითვალისწინებს, რაც პირდაპირ ავიწროებს მცირე მეწარმეობის საზღვრებს. ახალი წესით, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება.
ამასთანავე, თუ აქამდე სავალდებულო ორგანოლეპტიკურ (სენსორულ) შემოწმებას მხოლოდ საექსპორტო პროდუქცია გადიოდა, ახალი რეგულაციით, როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინო სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება.
სააგენტოს მონაცემებით, შიდა ბაზარზე მოქმედი 900-მდე აქტიური კომპანიისგან სარეალიზაციოდ განკუთვნილი დაახლოებით 5 000 ლოტირებული პროდუქცია სწორედ ამ სავალდებულო ფილტრში გატარდება. თითოეული ლოტის შემოწმება კერძო სექტორს 75 ლარი უჯდება, რაც ჯამურად ბიზნესის ჯიბიდან 375 000 ლარის ამოღებას ნიშნავს.
სახელმწიფო აპარატი ამ ნაბიჯს განმარტავს და აცხადებს, რომ ეს დამატებითი ფინანსური რესურსი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამებს მოხმარდება. თუმცა, ეკონომიკური კანონზომიერება სხვაა: ნებისმიერი დამატებითი მოსაკრებელი საბოლოოდ პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება და ამ ტვირთის გადახდა ისევ მომხმარებელს მოუწევს.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა შერჩევითი მიდგომის თაობაზეც: ორგანოლეპტიკური შემოწმების ვალდებულება არ გავრცელდება მხოლოდ „ბუნებრივ ღვინოზე“ (რომელიც კანონში ტერმინ „სახლის ღვინოს“ ანაცვლებს და ითვალისწინებს წარმოებას ქიმიური სინთეზური საშუალებების გარეშე). რატომ ტოვებს სახელმწიფო ამ კატეგორიას კონტროლის მიღმა, მაშინ როცა სხვა ყველასთვის ფილტრს ამკაცრებს?
ამ კითხვით GBC-მ კომპანია „ღვინუკას“ დამფუძნებელ ზუკა მაისაშვილს მიმართა. იგი ამ გამონაკლისს ბუნებრივი ღვინის სპეციფიკით ხსნის და მიიჩნევს, რომ ეს დიდ სურათს არ ცვლის: „იმდენად ცოტა ბუნებრივი ღვინო იწარმოება ქვეყანაში იმ რაოდენობასთან შედარებით, რაც არის ინდუსტრიული ღვინო, რომ მისი კონტროლი ქვეყნიდან გასული ღვინის ხარისხზე გავლენას ვერ ახდენს დიდ სურათში. ბუნებრივ ღვინოზე როცა ვსაუბრობთ, იქ მანიპულაციები და მეღვინის ჩარევა ნაკლებია. შესაძლებელია დაშვებები იყოს და რაღაც ნაკლოვანებები გააჩნდეს ღვინოს, რაც ინდუსტრიული და მეცნიერული მიმართულებით დაუშვებელია, მაგრამ ბუნებრივი ღვინის მოყვარულებისთვის და ამ დარგის მეღვინეებისთვის ჩვეულებრივად დასაშვებია. ალბათ, ეს სხვაობა ამან გამოიწვია“.
ბიუროკრატიული ოპტიმიზმი და რეალური რესურსების დეფიციტი
ყველაზე მეტ კითხვას დარგში მაინც ის ლოგისტიკური სქემა აჩენს, რომლითაც სახელმწიფო აპარატი გაზრდილი ნაკადების მართვას გეგმავს. სააგენტო ოფიციალურ პასუხში ირწმუნება, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის 5 000 ახალი ლოტის დამატების პირობებში, სადეგუსტაციო კომისია მუშაობას ყოველგვარი დამატებითი ადამიანური თუ ფინანსური რესურსის მობილიზების გარეშე გააგრძელებს.
არსებული სისტემა ეყრდნობა 70-კაციან პროფესიულ ბაზას, საიდანაც ყოველდღიურად, როტაციის პრინციპით, მხოლოდ 5 დეგუსტატორი მუშაობს. სახელმწიფო დარწმუნებულია, რომ ეს მოდელი სრულად აიცილებს თავიდან კომისიის წევრების გადაწვასა და რიგებს, თუმცა პრაქტიკოსები შიშობენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გარეშე დატოვებული ბიუროკრატია პროცესებს გააჭიანურებს, რაც საბოლოოდ საცალო ქსელებში პროდუქციის მიწოდებას შეაფერხებს.
კომისიის ობიექტურობის დასაცავად სააგენტოს მთავარ არგუმენტად ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია და ანონიმურობა მოჰყავს. წესის მიხედვით, მოქმედი მეღვინეები საკუთარი კომპანიის პროდუქციის შეფასებას არ ესწრებიან. ანონიმურობის დაცულობის ნაწილში კომპანია „ღვინუკას“ დამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი, მეტ-ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიუთითებს, რომ კომისიის მუშაობის სპეციფიკა სუბიექტურობის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს: „სადეგუსტაციო კომისიაზე, როგორც წესი, არც ერთი და არც ორი ღვინის დეგუსტაცია არ ხდება, აქ ხდება 30, 40, 50 ნიმუშის შეფასება დღის მანძილზე. თან ეს ბოთლები შეფუთულია და მხოლოდ წელსა და ჯიშს ამბობენ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთული იქნება დადგენა, თუ ვისი ღვინოა, თუ იმ იშვიათ და ენდემურ ჯიშებს არ ვგულისხმობთ, რომლებიც შეიძლება მხოლოდ რამდენიმე მეღვინეს ან მცირე მარანს გააჩნდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრაქტიკულად მგონია, რომ ანონიმურობა 95% შემთხვევაში დაცული იქნება“.
მიუხედავად ამისა, თავად მწარმოებლები ადასტურებენ, რომ სენსორული შეფასება თავისი ბუნებით მაინც შეიცავს სუბიექტურობის ელემენტებს და სახელმწიფო ფილტრი ზოგჯერ რეალურ სურათს აცდენილია: „მთავარია, ღვინოს არ ჰქონდეს მიკრობიოლოგიური დაავადება, ანუ ზადი. ამის შემდგომ შეფასებები არომატზე, ფერზე, გემოზე მეტ-ნაკლებად სუბიექტურია. ჩვენ გვქონია პრაქტიკაში, რომ საკმაოდ კარგი ღვინოები, რომლებითაც შემდეგ საერთაშორისო გამოფენებზეც წავსულვართ, ადგილობრივ ბაზარზე სადეგუსტაციო კომისიებს პირველ ჯერზე დაუწუნიათ, თუმცა მომდევნო დეგუსტაციაზე უკვე ძალიან მაღალი შეფასება მიგვიღია. აქედან გამომდინარე, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა“, - აღნიშნავს ზუკა მაისაშვილი.
ხელოვნურად დაწეული თამასა და გაურკვეველი მომავალი
კრიტიკის საგანია თავად შეფასების კრიტერიუმებიც. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი ბაზრის კონტროლისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ გერმანულ 5-ქულიან მოდელს იყენებს, თუმცა გამსვლელ ნიშნულად კრიტიკულად დაბალ - 1.5 ქულას აწესებს.
თუკი 5-ქულიანი სისტემიდან მხოლოდ 1.5 ქულაა საკმარისი იმისათვის, რომ ღვინო მაღაზიის დახლზე მოხვდეს, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რეალურად ხარისხის სტანდარტის ამაღლებაზეა ორიენტირებულია ეს ფილტრი, თუ უბრალოდ აშკარად დაავადებული პროდუქციის გაფილტვრაზე? და თუკი ბარიერი ასე დაბალია, რატომ უჯდება ბიზნესს ამ ფორმალური ნიშნულის გადალახვა ყოველწლიურად 375 000 ლარი?
ზუკა მაისაშვილი განმარტავს, რომ სააგენტოს მიერ დაწესებული მინიმალური ზღვარი მკვეთრად ჩამოუვარდება იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც კერძო სექტორი თავად აწესებს: „თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებობენ მაღაზიები და რესტორნები, რომლებსაც საკუთარი კომისია გააჩნიათ და იქ სადეგუსტაციო შეფასება გაცილებით მკაცრად ხდება (ხშირად 5-დან 2.5 ან 3 ქულაა მოთხოვნა), მათ ფონზე სააგენტოს 1.5 ქულა ნამდვილად მინიმალურია. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ თუ ღვინოს რაიმე მიკრობიოლოგიური დაავადება არ გააჩნია, ის ამ ქულას ნებისმიერ შემთხვევაში დააკმაყოფილებს“.
კანონის ეფექტურობას კიდევ უფრო სკეპტიკურად უყურებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი. მისი შეფასებით, სავალდებულო ორგანოლეპტიკური შემოწმება ბაზარზე რეალურ ხარისხს ვერ უზრუნველყოფს: „შეფასების სისტემას მე საერთოდ არ დავუკავშირებდი იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე იყოს ხარისხიანი ღვინო. ეს არის სერტიფიცირების სისტემა, რომელიც ერთი პატარა აგურია ამ სისტემაში, თუმცა ის არანაირი გარანტია არ არის. ორგანოლეპტიკური შემოწმება არის ისეთივე ანალიზი, როგორიც ლაბორატორიული, ოღონდ მას ცოცხალი ადამიანები ატარებენ“.
ამასთანავე, ახალი წესით მწარმოებლებს ეძლევათ უფლება, დაწუნებული ნიმუში კომისიაზე განმეორებით, სულ სამჯერ გაიტანონ, საბოლოო ვერდიქტი კი სამივე შეფასების საშუალო არითმეტიკულით გამოითვალოს. დარგის ნაწილი ამ მექანიზმს მიიჩნევს ბიუროკრატიულ დათმობად, რომელიც პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს და ბაზარზე არასტაბილური ხარისხის პროდუქციის მოხვედრის რისკს მაინც ტოვებს.
ფინანსური დარტყმა: მილიონობით ლარი ნიშანდებიდან
ამ საკანონმდებლო რეფორმის ყველაზე მასშტაბურ ნაწილს სავალდებულო ნიშანდების (სპეციალური QR-კოდების) სისტემის შემოღება წარმოადგენს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით უნდა განხორციელდეს. სამინისტროს განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ თითოეულ ბოთლზე უნიკალური სახელმწიფო ნიშნის დატანა უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხისადმი მაღალ სანდოობას.
თუმცა, ამ „სანდოობის“ მიღმა კონკრეტული ციფრები დგას: უწყების გათვლებით, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 10 თეთრი იქნება. თუ გავითვალისწინებთ წინა წლების რეალიზაციის საშუალო მაჩვენებელს – წლიურად 140-დან 150 მილიონამდე ბოთლს - ეს რეგულაცია სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავლებს კოლოსალური თანხით, დაახლოებით 14 000 000 – 15 000 000 ლარით გაზრდის.
ზუკა მაისაშვილი მიიჩნევს, რომ მცირე მწარმოებლებისთვის ეს გადასახადი ფინანსურად კატასტროფული არ არის, თუმცა ბიუროკრატიულ თავსატეხს ნამდვილად აჩენს: „წარმოიდგინეთ, ყველაზე მცირე, 1 000-ბოთლიანი მეღვინეობაც კი მაქსიმუმ გადაიხდის 100 ლარს. აქედან გამომდინარე, ეს არ მგონია იყოს რაიმე მძიმე ფინანსური ტვირთი. ეს უბრალოდ არის დამატებითი ბიუროკრატია, რომელიც მცირე მარნებისთვის შესაძლოა იყოს რაიმე თავსატეხი ან პროცესის უფრო გართულება მოჰყვეს ამ ამბავს.
საერთოდ, ღვინის ხარისხის გაუმჯობესება ეს დიდი პროცესია, რომელიც იწყება ნიადაგიდან. ჰაერიდან ფასი ვერ გაუმჯობესდება, მით უფრო როცა სამყაროში ამხელა კონკურენციაა. თუმცა, ისეთი ტიპის რეგულაციები, რომლებიც რეალურად ხარისხზეა ორიენტირებული, ვფიქრობ, დარგზე დადებითად აისახება“.
სრულიად საპირისპირო და ბევრად კრიტიკული პოზიცია აქვს სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი სამანიშვილს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას დარგისთვის უსარგებლო და უკიდურესად საზიანო ნაბიჯად აფასებს:
„ნიშანდების წესთან დაკავშირებით, დარგს იმედი გვაქვს, რომ ეს წესი არ ამუშავდება და რაღაც შეიცვლება - ან მთავრობაში, ან გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, იმიტომ, რომ ალბათ ეს არის ყველაზე არასერიოზული გადაწყვეტილება, რაც ამ ბოლოს მინახავს. ეს გადაწყვეტილება დარგს დაუჯდება ძალიან ძვირი, თუმცა არანაირი შედეგი არ ექნება“.
ხარისხის დაცვა თუ ახალი ადმინისტრაციული ლაბირინთი?
მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელი რჩება: რამდენად შეძლებს დამატებითი ადამიანური და მატერიალური რესურსების გარეშე დატოვებული სახელმწიფო აპარატი ამ მასშტაბის კონტროლის ეფექტიანად განხორციელებას ისე, რომ ქართული ღვინის წარმოება ხელოვნურ ჩიხში არ შეიყვანოს?
ღვინო ცოცხალი ორგანიზმია. მას ესმის მზრუნველობა, მაგრამ ვერ იტანს ბორკილებს. ისევე, როგორც ქვევრის მუცელში, სადაც ყურძნის წვენი ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე, სრულ სიბნელესა და თავისუფლებაში გარდაიქმნება დიდებულ სასმელად, ნამდვილი მეღვინეობაც ხომ ნდობაზე დგას და არა მკაცრ შაბლონებზე. სანამ ბიუროკრატიული მანქანა ახალ-ახალი ბარიერების აგებითაა დაკავებული, ქართული ვაზი კვლავაც დუმილში, მიწის სიღრმიდან ეძებს გზას სინათლისკენ, რათა მან თავისი სათქმელი ბოლომდე თქვას.
ხარისხის დაცვა აუცილებელია, თუმცა ის არ უნდა გახდეს უღელი მათთვის, ვინც ამ რვაათასწლოვან საიდუმლოს საკუთარი ხელებით უფრთხილდება და აგრძელებს. ბოლოს და ბოლოს, ისტორიას მხოლოდ ის ბოთლები რჩება, რომლებშიც, თიხის სურნელთან ერთად, თავისუფლების გემოც იგრძნობა.
გრაფიკა: AI
