თბილისი (GBC) - აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანიის რეგიონის, მათ შორის კავკასიის, ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნების 2026 წლის ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. დოკუმენტის თანახმად, ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.5%-ის დონეზე შეინარჩუნა, თუმცა ჯამური გლობალური და რეგიონული მოლოდინები გააუარესა.

ახალი ანგარიშით, ADB-ის წევრ ქვეყნებში 2026 წელს, ჯამურად, 4.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.2 პ.პ.-ით ნაკლებია. ბანკი მაჩვენებლების კლებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს, ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებულ შეფერხებებსა და საწვავის ფასების მატებით გამოწვეულ ინფლაციურ რისკებს უკავშირებს. რაც შეეხება მომდევნო, 2027 წელს, გლობალური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.1%-ზე ნარჩუნდება, რაც ამ წნეხის ეტაპობრივ შესუსტებაზე მიანიშნებს.

კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2026 წელს ეკონომიკის 3.8%-იანი, ხოლო 2027 წელს 4.2%-იანი ზრდაა პროგნოზირებული. რეგიონული მაჩვენებლების გაუარესება ძირითადად რამდენიმე მეზობელი ქვეყნის ხარჯზე მოხდა:

  • სომხეთი: ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 5%-მდე შემცირდა, რაც რუსეთის მიერ დაწესებულ ახალ სავაჭრო შეზღუდვებს უკავშირდება.
  • თურქეთი: პროგნოზი 3.6%-დან 3.1%-მდე შემცირდა საწვავისა და სასუქების მაღალი ფასების გამო.
  • თურქმენეთი: მოლოდინები შემცირდა 6.3%-მდე, რადგან ირანის გვერდის ავლით ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტების გამოყენებამ ტრანსპორტირების ხარჯები გაზარდა.

რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, საქართველოს მსგავსად, ADB-მ მოლოდინები უცვლელად დატოვა. აზერბაიჯანისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ 2%-ია, ყაზახეთისთვის - 4.8%, ხოლო უზბეკეთისთვის - 6.7%.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპი სტაბილური რჩება, ბანკმა ქვეყნისთვის ინფლაციის პროგნოზი გადახედა და აპრილში ნავარაუდები 3.8%-დან მაჩვენებელი 4.9%-მდე გაზარდა.

აზიის წამყვან ეკონომიკებს შორის, ბანკმა ინდოეთის ზრდის მოლოდინი 6.9%-დან 6.6%-მდე შეამცირა, ხოლო ჩინეთისა (4.6%) და ინდონეზიის (5.2%) პროგნოზები უცვლელი დატოვა.