თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი განკარგულება, რომელიც ქვეყანაში არასახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე, რეგიონული ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, პროექტები 2030 წლის 1 იანვრამდე უნდა განხორციელდეს.

განკარგულების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით უნდა უზრუნველყოს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ობიექტების მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა. უშუალოდ სამუშაოების შესრულება კი შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ დაევალება.

მთავრობამ უკვე განსაზღვრა საპროექტო ზონირებაც. ახალი ინფრასტრუქტურა შემდეგ რეგიონებს მოემსახურება:

  • კახეთი
  • შიდა ქართლი – მცხეთა-მთიანეთი
  • იმერეთი – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
  • სამცხე-ჯავახეთი

განკარგულება ასევე ითვალისწინებს, რომ ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების დაგეგმვისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ნარჩენების დამუშავების ობიექტების მოწყობაც. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მომსახურება უნდა შეისყიდოს. შესყიდვები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესებით წარიმართება.

საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების მოპოვების მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტრო დონორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან კონსულტაციებს გამართავს. პროცესს ხელს შეუწყობენ რეგიონული განვითარების, ეკონომიკის სამინისტროები და სახელმწიფო რწმუნებულები. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მთლიანი ბიუჯეტი ამ ეტაპზე უცნობია.