თბილისი (GBC) – რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ლოგისტიკაზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმები თანდათან ქმნის პირობებს, რომლებმაც შესაძლოა მომავალში უკრაინის კონტრშეტევას შეუწყოს ხელი. ამის შესახებ Foreign Policy-ის ჟურნალისტი პოლ ჰოკენოსი საკუთარ ანალიზში წერს.

სტატიაში აღწერილია უკრაინის მიერ აპრილიდან დაწყებული დრონებით განხორციელებული სისტემური კამპანია, რომლის სამიზნეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ლოგისტიკური მარშრუტებია. ანალიზის თანახმად, ოპერაციები მოიცავდა საწვავის გადამზიდი მანქანების, მომარაგების გზებისა და ქერჩის სრუტეში მოქმედი საბორნე ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშებს.

ჰოკენოსის შეფასებით, ამ დარტყმების ეფექტი მხოლოდ დროებითი შეფერხებით არ შემოიფარგლება და მზარდ ზეწოლას ახდენს რუსეთის შესაძლებლობაზე, შეინარჩუნოს სამხედრო ოპერაციების უწყვეტი უზრუნველყოფა ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულმა კამპანიამ, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებულ ნაწილებში საწვავისა და საბრძოლო მასალის დეფიციტის წარმოქმნას, რაც რუსეთის ლოგისტიკასა და ფრონტის ხაზის მომარაგებას დამატებით სირთულეებს უქმნის.