თბილისი (GBC) – მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონეს სპეციალური პორტატული მოწყობილობებით შეამოწმებენ.

უწყების ცნობით, უკვე გამოიცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით ხმაურის დონის შემოწმების ზუსტი წესი და პირობები.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური 80 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დადგენილი ნორმების დარღვევაზე მკაცრი სანქციებია გათვალისწინებული:

  • პირველი შემთხვევა: იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 10 ქულის დაკლებას;
  • მეორე შემთხვევა: იგივე ქმედების განმეორება ითვალისწინებს 200 ლარის ოდენობით ჯარიმას და 20 ქულის შემცირებას;
  • მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა: გამოიწვევს 300-ლარიან ჯარიმას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.