თბილისი (GBC) - 2026 წლის მაისში თურქეთში ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი რაოდენობრივად 4.8-ჯერ, ხოლო ღირებულებით 7.8-ჯერ შემცირდა და ბოლო 10 წლის მინიმუმზე დაეცა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.

საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში ექსპორტის მოცულობამ თურქეთის მიმართულებით მხოლოდ 36.2 გვტ.სთ შეადგინა (2025 წლის მაისის 172.3 გვტ.სთ-ის საპირისპიროდ), ხოლო მიღებულმა შემოსავალმა - $1 მლნ (გასული წლის ანალოგიური პერიოდის $7.8 მლნ-თან შედარებით). მკვლევრების განმარტებით, ვარდნა ფასების კლებამაც განაპირობა - მაისში თურქეთში ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 2.7 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 39.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 

ექსპორტის ფასის, მოცულობისა და შემოსავლის ასეთი შემცირება თურქეთის ბაზარზე ფასების მკვეთრ კლებას უკავშირდება. 2026 წლის მაისში, ელექტროენერგიის საშუალო ფასი თურქეთის ბაზარზე შეადგენდა 1.8 აშშ ცენტს/კვტ.სთ-ზე (vs 6.4 აშშ ცენტი კვტ.სთ-ზე მაი-25). ასეთი დაბალი ფასი ექსპორტის ეკონომიკურ მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან ექსპორტიორებს სისტემასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაც უწევდათ, მათ შორის გადაცემის ტარიფისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის.

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, თურქეთის საბაზრო ფასსა და საქართველოდან ექსპორტის საშუალო ფასს შორის სხვაობა, სავარაუდოდ, ექსპორტის საათობრივ/დღიურ სტრუქტურასა და პირდაპირ კონტრაქტებს უკავშირდება.

თურქეთში ელექტროენერგიის ფასების შემცირება, თავის მხრივ, მზის სადგურების მშენებლობას და ხელსაყრელ ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება.

მაისში თურქეთში ექსპორტი მხოლოდ ოთხმა კომპანიამ განახორციელა: შპს „აჭარ-ენერჯი 2007“, შპს „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია“, შპს „სვანეთი ჰიდრო“ და შპს „კასლეთი-2“. დაბალი საბაზრო ფასების მიუხედავად, ექსპორტის გაგრძელება შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც მოქმედ გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის შეთანხმებებს, ისე კომპანიების ინდივიდუალურ საკონტრაქტო პირობებს. 

თურქეთის გარდა, ბალანსის მიხედვით ექსპორტი აზერბაიჯანშიც დაფიქსირდა, თუმცა ეს არ იყო კომერციული ექსპორტი. აღნიშნული სინქრონული მოცულობა აზერბაიჯანთან პარალელური მუშაობისთვის განხორციელებულ ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა და იმავე მოცულობისა და ღირებულების იმპორტით დაბალანსდა. 2026 წლის აპრილიდან შეიცვალა აღრიცხვის მეთოდოლოგია და ეს გაცვლა, რომელიც მანამდე ბალანსში სალდირებულად აისახებოდა, ახლა ფიქსირდება იმპორტსა და ექსპორტში.

საბალანსო ბაზარი და ფასები

საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასი მაისში წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.1 აშშ ცენტი შეადგინა.

ამასთან, საბალანსო მოცულობა უმნიშვნელო წლიური 0.7%-ით გაიზარდა და 0.3 ტვტ.სთ შეადგინა, რაც ჯამური მიწოდების 23%-ს წარმოადგენს.

2026 წლის 12 ივნისს ქსელის წესებში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით:

  • გადაცემის სისტემის ოპერატორი ვალდებულია გააუქმოს ქსელთან მიერთების შეთანხმებები იმ ელექტროსადგურის პროექტებს, რომლებსაც არ აქვთ ეკონომიკის სამინისტროს დასტური ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის ან მშენებლობის ეტაპზე ყოფნის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას ელექტროსისტემა გამოითხოვს სამინისტროსგან პირველი აგვისტოს ჩათვლით. ელექტროსისტემის მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება პროექტის დეველოპერებს აქვთ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • გაუქმებულ პროექტებს დაუბრუნდებათ გადახდილი ქსელთან დაერთების საფასური.
  • ენერგო-პროს და თელასის ქსელზე ახალი გენერაციის ობიექტის დაერთების განაცხადისთვის სავალდებულო გახდა მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება პროექტის განვითარებაზე ან სამინისტროს წერილობითი დასტური.

აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესის ერთიან ჩარჩოში მოქცევას და ქსელზე მიერთების წერტილებში დარეზერვებული სიმძლავრეების გამოთავისუფლებას.