თბილისი (GBC) – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც უწყების უფლებამოსილებების გაფართოებასა და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას ითვალისწინებს. 

საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც 2025 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა.

კანონპროექტის მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, მთავარი სიახლე მარეგულირებელი კომისიების - კომუნიკაციების კომისიისა და სემეკის, აუდიტის სამსახურის დაქვემდებარებაში მოქცევაა, რომლებიც აქამდე შემოწმებას არ ექვემდებარებოდნენ. მათი აუდიტი ეროვნული ბანკის მსგავსი პრინციპით განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უწყება მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს შეამოწმებს და მარეგულირებლების შინაარსობრივ გადაწყვეტილებებში არ ჩაერევა.

რეფორმის ფარგლებში აუდიტორებს საგამონაკლისო უფლებამოსილებებიც ენიჭებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ ტენდერებში მონაწილე კერძო პირებისგან გამოითხოვონ. ამასთან, საოპერაციო მუშაობის დაჩქარების მიზნით, აუდიტის სამსახური მემორანდუმების საფუძველზე მიიღებს პირდაპირ წვდომას სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ელექტრონულ ბაზებზე.

პარალელურად, მკაცრდება სანქციებიც და უწყებისთვის დოკუმენტაციის მიუწოდებლობის ან მცდარი ინფორმაციის წარდგენისთვის ჯარიმის მოცულობა დღეს არსებული 1 000 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება. კანონპროექტით ასევე ზუსტდება, რომ ფინანსური შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტები მოიცავს როგორც მიმდინარე, ისე უკვე განხორციელებული საქმიანობის კონტროლს.

სტრუქტურული თვალსაზრისით, კანონს ემატება ახალი პოზიცია - საჯარო ურთიერთობების მდივანი. იგი გენერალური აუდიტორის დავალებით სხვა უწყებებთან კოორდინაციასა და კომუნიკაციას უზრუნველყოფს, თუმცა აღნიშნული შტატის დამატება ბიუჯეტიდან ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს.