თბილისი (GBC) - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ოთხშაბათს, ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. დოკუმენტი, სათაურით - „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, მომხსენებლებმა ედიტე ესტრელამ (პორტუგალია) და საბინა ჩუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა) მოამზადეს. ამის შესახებ ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ანგარიშის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციასა და განსხვავებულ აზრზე.
დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზაობასთან დაკავშირებით, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებები.
რეზოლუციის პროექტი მკაცრად არაპროპორციულად და მიუღებლად მიიჩნევს პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივას:
„ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ეს გზა გაგრძელდება, ეს ქმედება ფაქტობრივად საქართველოში ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს, რაც არღვევს დემოკრატიის არსებით პრინციპებს და შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან“.
დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებისგან საკონსტიტუციო სასამართლოდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის დაუყოვნებლივ გამოხმობასა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დასრულებას მოითხოვს.
ანგარიშის მიხედვით, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის დაუნდობელი ჩახშობის, ასევე უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად, საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიწყოს ღია პოლიტიკური პროცესი თავისუფალი გარემოს აღსადგენად.
ამასთანავე, რეზოლუციის პროექტი გმობს ოპოზიციის ლიდერების ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ სასჯელებს და მოითხოვს ცოტა ხნის წინ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების (სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებში) სრულ გაუქმებას. ასამბლეა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სრულიად ახალი კანონით უნდა შეიცვალოს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში იქნება.
მიუხედავად კრიტიკისა, რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ ასამბლეა კვლავ ერთგული რჩება საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ თუ სოციალურ ძალასთან ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის მიმართ.